ახალი ამბები

დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Tags

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა. დავით კირკიტაძეს თავდებში პარლამენტის 27 დეპუტატი უდგებოდა. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწვეტილებას უსამართლო უწოდეს გაერთიანებულ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია. სასამართლოს შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ. სასამართლოს ეზოში და გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ყველა „ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“. „ვინც ხართ მოქალაქეები და კონსტიტუცია, სამართალი და კანონი გინდათ, ამ ქვეყანაში ხართ ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას შეფასებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება „წინასწარ იყო მიღებული“ და ქვეყანაში „სასამართლო არ არსებობს“. „დათო კირკიტაძე დააკავეს და პატიმრობაში გაუშვეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის წარმატებული პოლიტიკოსი. ორჯერ მოუგო რუსთავი სალომე ზურაბიშვილს და ბიძინა ივანიშვილს“. „დათო კირკიტაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარია“, – განაცხადა მანვე.

სასამართლო სხდომას პარტია ევროპული საქართველოს წევრებიც ესწრებოდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, უსამართლოსთან ერთად, „სასამართლო არის უტიფარიც“. მისივე შეფასებით, დღეს, ქვეყანაში „ნებისმიერ პოლიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება“.

„დღეს, ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომელსაც შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო, რომელსაც თავზე შეგიძლია კონსტიტუცია გადაახიო, რომლებიც კანონის უტიფარი გამოყენებით შეგიძლია დასაჯო“, – აღნიშნა უგულავამ.

დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმაც შეაფასა. მისი თქმით, „დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში“, რისი დამადასტურებელი „კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა“. მისივე თქმით, „დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება არ არის დასასრული ამ საქმის, არ არის განაჩენი“.

„პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა, როგორც ჩემთვის ცნობილია და ამ საფუძვლით შეეფარდა მას პატიმრობა. რაც შეეხება შერჩევით სამართალს, არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა საკითხისადმი… პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური ჩვენ თანაბრად ვუდგებით [ყველას], განურჩევლად იმისა, თუ ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. საქმეზე წინასწარი მოსმენა 2019 წლის 12 თებერვალს არის ჩანიშნული.

დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან თელავში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დავით კირკიტაძე პოლიციის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში ძალით შეღწევას ცდილობს და პოლიციელს ურტყამს.

კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით, 17 დეკემბერს დააკავეს და ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button