skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები: ხაზარაძის განცხადება სახელმწიფოს მიტაცების შესახებ ეჭვებს აღრმავებს

არასამთავრობო ორგანიზაციები თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მის მიმართ განხორციელებული შანტაჟისა და მუქარის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს „არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა“ და „სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის“ შესახებ გამოთქმულ „შეშფოთებას“ კიდევ უფრო ამყარებს.

5 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აწერს, ნათქვამია, რომ მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების „არაფორმალური დაჯგუფების“ ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების კერძო მიზნებისა და ამოცანებისთვის გამოყენება ხდება.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ „ეს ტენდენცია შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს“. ისინი აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ხაზარაძის განცხადებაზე „ადეკვატური და მიუკერძოებელი“ გამოძიების იმედი არ აქვთ და შესაბამისი რეაგირებისკენ პარლამენტს მოუწოდებენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე“, – აცხადებენ არასამთავრობოები და. „მოვლენებისთვის მეტი სიცხადის მოსაფენად“, მამუკა ხაზარაძისგან შს მინისტრისგან მიღებილი მუქარის შემცველი წერილის გასაჯაროების მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 4 მარტს მოუსმინეს, სადაც  მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკისგან მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე გაამახვილა ყურადღება. მანვე განმარტა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

ხაზარაძის განცხადებას ბრალდების ორივე ადრესატმა გუშინვე უპასუხა. გახარიას თქმით, ხაზარაძის განცხადება „პრივილეგირებული ბიზნესმენის“ მხრიდან „პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით, „იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ იყო. ეროვნულმა ბანკმა კი ბანკირის მიერ, მარეგულირებლის მხრიდან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების “შანტაჟად” შეფასება არასწორად მიიჩნია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button