skip to content
ახალი ამბები

საკომიტეტო მოსმენაზე TBC ბანკის საკითხზე მსჯელობა ვერ შედგა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე TBC ბანკის საკითხის შესახებ მსჯელობა ვერ შედგა. ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ საკომიტეტო მოსმენა საკითხის განხილვის გარეშე, დასრულებულად გამოაცხადა.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდა. დეპუტატებს მასთან კითხვები მარეგულირებლის მიერ საბანკო რეგულაციებისა და TBC ბანკთან დაკავშირებულ პროცესებთან ჰქონდათ. სხდომას, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ასევე მისი ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა დეპუტატებთან მიმართვის დროს აღნიშნა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველ საკითხზე მსჯელობა არამიზანშეწონილი იქნებოდა, რადგან არსებული სტატისტიკური მონაცემები სიღრმისეული ანალიზის საფუძველს არ იძლეოდა. TBC ბანკზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ  “რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ ფორმატში განხილვა მართებული არ იქნებოდა.

„რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე [საჯაროდ] განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, არის იერიშის მიტანა და გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე“, – აღნიშნა მან.

კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები მისაღებად მიიჩნია, რასაც სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

საკომიტეტო სხდომის განახლებიდან რამდენიმე წუთში კი, რომან კაკულიამ სხდომის საერთოდ დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით, დღევანდელმა სხდომამ მკაფიოდ აჩვენა, რომ „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად, რომ პასუხი გაეცა დეპუტატების და საზოგადოების კითხვებისთვის“.

„სხდომის ჩაშლით, უმრავლესობა დაფიქსირდა, როგორც პოლიტიკური მხარე და აიღო პასუხისმგებლობა თიბისი ბანკის საქმეზე. [ასევე] ნათლად გამოაჩინა, რომ თიბისის საქმე არ არის დავა მარეგულირებელს და ბანკს შორის, ეს არის პოლიტიკური ინტერესის მატარებელი საქმე“,  – განაცხადა მან.

შეფასებებში კრიტიკული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძეც. მისი განმარტებით, „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან იმართება“.

„ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი ის არის ამ გარემოებათა ტყვე, მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს საზოგადოების ნდობა და მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხდარი ამბის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

საპირისპირო პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მყარი არგუმენტებით ამბობს, რომ TBC ბანკის საქმეზე მხარეების მონაწილეობით ასე საჯაროდ გამართული დისკუსია საფინანსო ინსტიტუტებს აზიანებს, ამ დროს „ვიწრო პარტიული ინტერესების“ წინ დაყენება, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების მანიშნებელია.

საკომიტეტო სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა და განმარტა, რომ ის პარლამენტში სასაუბროდ მოვიდა და მას ამის საშუალება არ მისცეს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ მიმართ „ორკესტრირებული შეტევა“ ხორციელდება.

„საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, საკითხი აღარ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მაქვს შეხვედრები, თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარები კეთდება, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით. ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი“,  – განმარტა მან და იქვე დასძინა: „იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვალს განცხადება გაავრცელა და თიბისი ბანკის აქციონერებისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა.

რეგულატორის მოთხოვნას TBC ბანკისა და მამუკა ხაზარაძის პასუხები მოჰყვა. სადაც ბანკის მიმართ განხორციელებულ „შეტევაზე“ იყო საუბარი. TBC ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავაც დაიწყო, თუმცა 21 თებერვალს ეროვნულ ბანკთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ის რეგულატორთან სასამართლო დავებს წყვეტდა.

იმავე დღეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემაც გაავრცელა და განმარტა, რომ ის საკუთარი უფლებებისთვის სამართლებრივ დავას, როგორც კერძო პირი გააგრძელებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button