Placeholder canvas
ახალი ამბები

TBC ბანკი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას წყვეტს

TBC ბანკი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავებს წყვეტს. ამის შესახებ TBC ბანკისა და ეროვნული ბანკის 21 თებერვლის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

TBC ბანკის განცხადება

TBC ბანკის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს, ასევე პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავებს წყვეტს და რეგულატორის მიერ დაკისრებულ 1 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

TBC ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმგვარად განახორციელებს, რომ ბანკის დამფუძნებლები და აქციონერები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილები არ იქნებიან. „ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100 % იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს“, – ხაზგასმულია TBC-ის განცხადებაში.

TBC ბანკის განმარტებით, კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობას აგრძელებს. მათივე განცხადებით, ამ მიმართულებით, კითხვების გამორიცხვის მიზნით, „თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“.

ეროვნული ბანკის განცხადება

თავის მხრივ ეროვნული ბანკი TBC-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და განმარტავს, რომ აღნიშნული „დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს, როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებას“.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ TBC ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით არის დაკომპლექტებული. „თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ფინანსური მაკონტროლებელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ TBC ბანკთან მიმართებით, „მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს“ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის რისკები წარმოადგენდა, რომელიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდებოდა.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ „ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია“ და თემაზე სპეკულაციებისგან ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ხაზარაძის განცხადება

დღესვე მამუკა ხაზარაძემ Facebook-ის საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც მისი ბანკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანვე მიმდინარე შეტევას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ის საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ დავას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის აქციონერებისგან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გადაყენება 13 თებერვალს მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button