skip to content
რესპუბლიკის ამბები

თვითმმართველობა 1918: ქალაქ ზუგდიდში მთავრობა იმარჯვებს, ზუგდიდის ოლქში – ოპოზიცია

გაზეთი „ერთობა“, N282, 28 დეკემბერი, 1918წ.

პროვინცია

ზუგდიდი. საერობო არჩევნები ზუგდიდის მაზრაში დასრულდა. არჩევნებში სამი სია იყო გამომუშავებული. სია N1-ით გამოდიოდნენ სოც. დემოკრატები და სოც.ფედერალისტები. სია N2თ ერ.-დემოკრატები და N3 სოც. რევოლიუციონერები.

აღსანიშნავია, რომ ს.-რევოლიუციონერებმა არჩევნების დროს უკვე გამოააშკარავეს თავისი ფიზიონომია. ის, რაც ანარქიის დროს ბათუმის აღების ჟამს თითქო გამოურკვეველი იყო, ეხლა გამოაშკარავდა.

ყველა ის პირები, ვინც ანარქიის დროს ბალშევიკების ქურქში გახვეულნი იყვნენ, საერობო არჩევნების დროს ესერებს ამოუდგნენ. როდესაც წალენჯიხას დაეცნენ, აბასთუმანში ალყა შემოარტყეს მთავრობის რაზმს, ანაკლია გაძარცვეს, ესერების პასუხისმგებელი პირის მამფორიას რაზმი მონაწილეობდა, რომელიც ბათუმის აღების დროს მობილიზაციის აშკარა მოწინააღმდეგე იყო. მთავარმა პასუხისმგებელმა პირმა ზუგდიდელ ესერების მ. ბ-ვამ, როდესაც სენაკ-ზუგდიდის მგზავრთ გზაზე სძარცვავდნენ, გვახსოვს, მძარცველთ მიმრთა შემდეგი სიტყვით: მე რას მერჩით, მე სოც.რევოლიუციონერი ვარო…

რა გასაკვირია, რომ დღეს იმათ მხარს აძლევდნენ გუშინდელნი ჩვენთვის ცნობილნი პირნი. აღსანიშნავია, რომ ანარქიის ჩაქრობისას ზუგდიდის მაზრაში, ერთგვარი სიწყნარე ჩამოვარდა, მაგრამ, მშვიდობიანი ნაწილი საზოგადოებისა, ჯერ კიდევ არ არის წელგამართული, რადგან გუშინდელი ტერორი ბანდიტებისა კვლავ ეჩვენება, რაკი მათ მის გვერდში ხედავს დაუსჯელად. არჩევნებში ესერებმა რა არ იხმარეს: ყველაფერს აძლევდნენ ხალხს: მიწას უფასოდ, საკუთრებად, ხელს არ ახლებენ წვრილ მემამულეთა მიწებს, მოუტანენ რუსეთის პურს, იქაურებს ბედნიერებას და სხვ. ადგილი ჰქონდა რესპუბლიკის საწინააღმდეგო გამოსვლასაც. საპასუხოდ გამოსულ ორატორთა არ მოსმენა წინდაწინ მოწყობილი საშუალებით ჩვეულებრივი იყო.

როგორც არ ეცადნენ ეს ვაჟბატონები, მაინც უმცირესობაში დარჩნენ.

ჩვენდა სამწუხაროდ , ანარქიის შემდგომ ვერ მოვასწარით პარტიული ორგანიზაციების მოწყობა ყველა რაიონში. იმ კუთხეებში, სადაც უკვე აწყობილი იყო, მათ ვერ გაიმარჯვეს. მომავალში მთელი ყურადღება აქეთ უნდა იყოს მიქცეული პარტიულ პროფესიონნალთა და ხელმძღვანელთა. საერთოდ ზუგდიდის მაზრის არჩევნების სურათი ასეთია:

დაყოფილი იყო ექვსი საარჩევნო ოლქად. ამომრჩეველთა რიცხვი იყო 65728; ამათგან მონაწილეობა მიიღო 21995მა, რომლიდან N1 მიიღო 11633 ხმა, N2 – 1754, N მე-3 – 8608 ხმა.

 

აღსანიშნავია ის, რომ ესერები უკმაყოფილოდ რჩებიან წალენჯიხის რაიონის არჩევნებით, რადგან იქ ვერ იბატონეს და ვერ დააფრთხეს მცხოვრებნი.

არჩევნებში მიიღო მონაწილეობა დაახლოვებით 30 პროც. – 33 პროც. არჩევნებში იღებდა მონაწილეობას მხოლოდ ის, ვინც აშკარა მოწინააღმდეგე იყო ყოფილი „ბალშევიკური“ გამოსვლისა და მეორე მხრივ კი ამ გამოსვლის მომხრენი. მესამე ძალა ეს ის არის, ვინც ჯერ კიდევ „ბანდიტთა“ გამოსვლთ დაშინებული არიან, მაგრამ მალე კრიჭაში ცაუდგებიან მათ.

არჩევნებმა დაამტკიცა, რომ მეტი ორგანიზაცია, მეტი ენერგია და მუშაობა მართებს ჩვენს ამხანაგებს. საჭიროა, რომ ზუგდიდის მაზრას ცენტრმა მეტი ყურადღება მიაქციოს და ძალები მოაცილოს ამ მაზრისათვის.

მანი. 

მსგავსი/Related

Back to top button