skip to content
ახალი ამბები

ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოზე რუსულ აგრესიას გმობს

6 დეკემბერს მილანში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი აქტიურად დგამს უკანონო ნაბიჯებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტიური ანექსიის მიმართულებით და რომ „ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით, საოკუპაციო ხაზის გამაგრების შედეგად, კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა“.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ორივე რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევით, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციით. ამასთან, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს და ლტოლვილს – ეთნიკური წმენდის მსხვერპლს, კვლავ წართმეული აქვს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ის არჩილ ტატუნაშვილის „ტრაგიკულ შემთხვევას“ შეეხო, რომელიც „ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა და წამებით მოკლა“. მანვე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის „სასტიკ მკვლელობებზეც“, გაამახვილა ყურადღება, რაც მინისტრის თქმით, „წარმოადგენს კიდევ ერთ შეხსენებას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საგანგაშოა საქართველოს ორივე რეგიონში, სადაც საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო განაგრძობს „კონსტრუქციულ“ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, თუმცა მისივე განმარტებით, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო ფორმატის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად, რაც „უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პოლიტიკურ ნებას და მზადყოფნას მოითხოვს“. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა დამათზე რეაგირების მექანიზმების როლს და მნიშვნელობას, რომელთა მუშაობაც დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს „ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით“.

ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო „განსაკუთრებით შეშფოთებულია“ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის გამო. აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, დავით ზალკალიანი თავის კოლეგებს შეხვდა ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, ნიდერლანდებიდან, ასევე OSCE/ODIHR-ის დირექტორს ინგიბიორგ გისლადოტირს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს. ის სუამი-კანადას პირველ შეხვედრასაც დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button