
ეუთოს ფინელი თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრა
ელინა ვალტონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, 14-15 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ვალტონენი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან X-ზე დაწერა, რომ რიგ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის მოუგვარებელ კონფლიქტზე, რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების საჭიროებასა და ეუთოს როლზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა მედეგობისა და სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
„საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება“, – განაცხადა ვალტონენმა. „ამ ხმების ჩახშობა ძირს უთხრის არა მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებს, არამედ საზოგადოების მედეგობას უსაფრთხოების წინაშე არსებული მზარდი გამოწვევების წინაშე“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეუთოს წარმომადგენლის წუხილები არც უხსენებია და როგორც სამინისტრომ, ისე სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებები გააშუქეს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილი იყო ვალტონენის შეხვედრა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თუმცა რუსთაველის გამზირზე „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში“ მისი მონაწილეობის გამო, კობახიძემ ეს შეხვედრა გააუქმა.
14 ოქტომბერს ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. „სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის სივრცე საქართველოში საგანგაშო ტემპით მცირდება“, – დაწერა მან X-ზე. „ფინეთი კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში“.
ვიზიტის მეორე დღეს, 15 ოქტომბერს, ვალტონენი ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ეწვია.
This post is also available in: English