skip to content
ახალი ამბები

ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს სტუმრობს

ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ 22-24 აპრილს საქართველოს სტუმრობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და ასევე შეხვდება მმართველი პარტიის სხვა ოფიციალურ პირებს.  ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრები არ გამართულა. ხაზი გაუსვა რა „სიცხადისა“ და „თანმიმდევრულობის“ აუცილებლობას, ოპოზიციურმა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ 24 აპრილს განაცხადა, რომ უარი თქვა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე. კოალიციამ გააკრიტიკა გენერალური მდივანი იმის გამო, რომ „არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს“ და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად გამოიყენა ვიზიტი თავისი „ანტიდემოკრატიული“ და „ანტიდასავლური“ ქმედებების ლეგიტიმაციისთვის.

ეს ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ეუთოს საბოლოო ანგარიშში არსებული ხარვეზების გამო გაკრიტიკებულია. იანვრის დასაწყისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ იგი გააუქმებდა 8 იანვარს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. თბილისში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ანონსს ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ისინი პრეზიდენტ კაუმას აფრთხილებდნენ, რომ ვიზიტს „ქართული ოცნება“ მთავრობისა და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებდა. სინირლიოღლუს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ჯო უილსონმა სინირლიოღლუს მოუწოდა, გადაედო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი და გააფრთხილა, რომ „ქართული ოცნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და ხელისუფლების ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას ემსახურება“.

შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან

22 აპრილს, ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ერთობლივი განცხადებები პრესისთვის

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს თბილისში ვიზიტისთვის და განაცხადა, რომ ეს ეუთო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე მეტყველებს.

„თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო რჩება ეუთოს წევრ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც ევროპული უსაფრთხოება და თანამშრომლობა „უაღრესად მნიშვნელოვანია“.

ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს ეფექტიანად ფუნქციონირებისა და ევროპის უსაფრთხოების დასაცავად, მისი წევრი ქვეყნები საერთაშორისო სამართლისა და ორგანიზაციის დამფუძნებელი პრინციპების ერთგულები უნდა დარჩნენ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო რეგიონულ დინამიკას და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“ და ხაზი გაუსვა საქართველოს ეუთოს დღის წესრიგში დარჩენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მუშაობის აუცილებლობას.

ბოჭორიშვილი მიესალმა ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობას, ასევე ყურადღება გაამახვილა გალის IPRM-ის განახლების აუცილებლობაზე, რომელიც 2018 წლიდან შეჩერებულია.

„საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცეს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ“, – განაცხადა მან. ბოჭორიშვილი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და რეგიონალური სამშვიდობო ძალისხმევისთვის საქართველოს მხარდაჭერა შესთავაზა.

„ქართული ოცნების“ მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს „დამოუკიდებელ ინსტიტუტებს“ და გააფრთხილა, რომ „მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მცდელობა ეს ინსტიტუტები თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოიყენოს“.

„საქართველო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევის ღია მცდელობის ნათელი მაგალითი გახდა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ხშირად ჩვენ საერთაშორისო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობების მოწმენი ვხდებით, რაც საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს ეწინააღმდეგება“.

ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთოს პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ და 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისია ორგანიზაციისადმი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნდობის დემონსტრირებად დაასახელა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს ეუთოსთან მისი რეკომენდაციების განსახორციელებლად.

გენერალურმა მდივანმა სინირლიოღლუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთოს „მტკიცე ერთგულებას“ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონის მიმართ.

„სტაბილურობა აქ, საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მისი ხალხისთვის, ასევე უფრო ფართო რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სინირლიოღლუმ და IPRM-ის მექანიზმებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში ეუთოს მუდმივი როლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს შიდა და გარე გამოწვევების გადაჭრაში და მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, კვლავ ჰქონდეს ეუთოს გამოცდილებისა და მხარდაჭერის იმედი. გმადლობთ ეუთო-ს პრინციპებისადმი თქვენი ერთგულებისთვის”, – დასძინა მან.

შეხვედრა ცესკოს წარმომადგენლებთან

23 აპრილს ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებს, კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და მის მოადგილეს გიორგი შარაბიძეს შეხვდა.

ცესკო-ს პრესრელიზის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის შესახებ. „მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. „გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს, როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკურ-ლოგისტიკური მიმართულებით არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ბევრი ოპოზიციური პარტია, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პირობას დებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში.

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან

ეუთოს გენერალური მდივანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს შეხვდა.

„გენერალურ მდივანთან დეტალურად განვიხილეთ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა შეხვედრის შემდეგ და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში ეუთოს როლს გაუსვა ხაზი.

„ამასთან, ვისაუბრეთ შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო, დაგეგმილ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ჩვენი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ“, – აღნიშნა მან.

„გენერალურ მდივანთან ასევე ვიმსჯელეთ, ჩვენი შესაძლო ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების კონკრეტულ გზებზე, რათა მეტ ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ მშვიდობის მშენებლობისა და ჩვენი მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის საქმეში,“ – დასძინა ახვლედიანმა.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან

23 აპრილს ეუთოს გენერალური მდივანი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო. „პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, „კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ“.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთო-ს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. „ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტის დროს. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის ჩართულობისთვის ჩვენი თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ჩვენი პარტნიორობა აუცილებელია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის  ხელშეწყობისთვის“, – დაწერა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ X-ზე.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

ფერიდუნ სინირლიოღლუ 23 აპრილს „ქართული ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსაც შეხვდა.

შეხვედრას ყაველაშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ყაველაშვილის თქმით, იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო და ამ საკითხის ეუთოს დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მადლობა გადავუხადე ბატონ სინირლიოღლუს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ეუთოს ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გავუსვი ორგანიზაციის სასიცოცხლო როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობაში“, – წერს ყაველაშვილი. „კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ეროვნულ ინტერესებზე მტკიცე ფოკუსირების გზით“.

https://twitter.com/GeoPresident_/status/1915003209619304789?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1915003209619304789%7Ctwgr%5Ec01830c8e8bcf985434a195c5b06e817abd112eb%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F676922

შეხვედრა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან

ეუთოს გენერალური მდივანი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთოს აქტიური წევრია და დადებითად შეაფასა ეუთო-სთან თანამშრომლობა. ფერიდუნ სინირლიოღლუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საქართველოში.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.

ამავე ინფორმაციით, საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. „ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“.

შეხვედრა ოპოზიციასთან

ოთხი ძირითადი ოპოზიციური ძალიდან სამმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გადაწყვიტა. მხოლოდ „კოალიციამ ცვლილებისთვის“ თქვა უარი შეხვედრაზე.

დანარჩენი სამი ოპოზიციური ძალა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ – შეხვდნენ ეუთოს გენერალურ მდივანს – პირველი ორი ერთად, ხოლო გახარიას პარტია ცალკე.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხო დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა თემას, ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშიდან.

„ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ აზრზე, რაც გავუზიარეთ, მათ შორის, ეუთის გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებულ იქნას მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისთვის“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ. მან დასძინა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა გაიმეორეს ოპოზიციური ძალებისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ანა ბუჩუკურმა პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პატიმრებს, მათ შორის, დაპატიმრებულ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

24 აპრილს ფერიდუნ სინირლიოღლუ „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე, ევროკავშირში ინტეგრაციასა და არსებულ გამოწვევებზე“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და  მათი მნიშვნელობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button