არჩევნები 2018ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ საუბრობს

Tags

მოსკოვი „ინარჩუნებს პოზიციას საქართველოსთან მიმართებით“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„რუსეთი არ ყოფილა ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. მიგვაჩნია, რომ ეს იყო კოლოსალური შეცდომა, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა“, – განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ ამით ყველაზე მეტად ორი ქვეყნის ხალხებმა იზარალეს.

პრესსპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ხალხებს და ერებს შორის“ ურთიერთობები კულტურული დიალოგის, ეკონომიკური ურთიერთობების და ჰუმანიტარული კავბშირების მეშვეობით გრძელდება, რაც „სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს არ უკავშირდება“.

თუმცა, მისი თქმით, ეს ურთიერთობები „საკმაოდ გართულებულია ორ ქვეყანას შორის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაწყვიტა. მოსკოვმა თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა 2012 წლის მარტში შესთავაზა და ზახაროვა, რომელიც იმ დროს პრესსპიკერის მოადგილე იყო, იმედგაცრუებული იყო თბილისის უარის გამო.

მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი პოზიცია შეინარჩუნა, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგებოდა, სანამ მოსკოვი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას არ გააუქმებდა.

ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნ. აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს. 2015 წელს მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო წესები გაამარტივა. 2016 წლის ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრები „სწორი ტენდენციაა“, თუმცა ინიციატივა ოფიციალური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე თბილისიდან უნდა წამოვიდეს.

ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაიძაბა და კარასინის რიტორიკაც გამკაცრდა. თუმცა, თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარული კომპანიის შუამავლობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების გადაადგილების თაობაზე შეთანხმებას მაინც მიაღწიეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button