ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ‘დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ აღდგება, სანამ მას საელჩოები ექნება ცხინვალსა და სოხუმში’

თბილისი არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, სანამ მას საელჩოები ექნება ცხინვალსა და სოხუმში, განაცხადა საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც პარასკევს თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

„საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ; რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა; მას გახსნილი აქვს ორი საელჩო – სოხუმსა და ცხინვალში და სანამ ეს არის ფაქტი, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ აღდგება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ „დეოკუპაცია“ საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. 

საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ და მათი ურთიერთობები ძირითადად შვეიცარიელი დიპლომატების მეშვეობით ხორციელდება.    

მოსკოვში 25 ოქტომბერს თავის შეიცარიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ჰკითხეს, კიდევ რამდენი ხანი იქნებოდა საჭირო შვეიცარიის შუამავლობა მოსკოვსა და თბილისს შორის. ლავროვმა უპასუხა, რომ ამ კითხვის ადრესატი ის არ არის.

„ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. სააკაშვილმა გააკეთა ეს“, – განაცხადა ლავროვმა.

26 ოქტომბერს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც 2010 წლამდე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობდა, სამი მოადგილე დაასახელა. ერთ–ერთი მათგანი ნიკოლოზ ვაშაკიძე იქნება, რომელსაც სამინისტროს წინა ხელმძღვანელობაში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მინისტრის პირველ მოადგილედ ფანჯიკიძემ დავით ზალკალიანი წარადგინა, კარიერული დიპლომატი, რომელმაც რამდენიმე დიპლომატიურ მისიაში იმსახურა, სანამ ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდებოდა სამი წლის წინ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან  ევროკავშირი–საქართველოს მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა გასულ კვირას ბრიუსელში. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მისი მესამე მოადგილე იქნება გუგა ხელაია, რომელსაც მანამდე საგარეო უწყებაში არ უმუშავია; მისი თქმით, ხელაია სამინისტროში ფინანსურ საკითხებს გაუწევს კურირებას. ფანჯიკიძეს დანარჩენი ორი მოადგილის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია.   

სერგი კაპანაძემ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ–ერთი მოადგილე იყო, მადლობა გადაუხადა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას სურვილისთვის, რომ მათთან გაეგრძელებინა მუშაობა; Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძობს საქმიანობას, „ასევე ჩემს რამდენიმე ახლო მეგობართან, თანამოაზრესთან და კოლეგასთან ერთად ახლახანს დაარსებულ think tank-ში“.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა ახალ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომ „ძალიან მიხარია, რომ პრიორიტეტები იგივე რჩება – ესაა ევროკავშირი, ნატო, კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button