ახალი ამბები

აბაშიძემ და კარასინმა ვმო-ს შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე 7 ივლისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა იმ არაფორმალური პირდაპირი დიალოგის ფარგლებში, რომელსაც ორმა ქვეყანამ 2012 წლის ბოლოდან ჩაუყარა საფუძველი.   

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ 2017 წლის პირველ ნახევარში ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შედეგებზე, ასევე ამ სფეროებში თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივი ურთიერთობების  ურთიერთხელსაყრელი ნორმალიზება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ტრადიციულად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების  კონკრეტული საკითხები იქნა განხილული იმ მიმართულებებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში მაინც შესაძლებელია პროგრესი: ესაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები“, – განაცხადა სამინისტრომ.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ამ სფეროებში მიღწეული შედეგები მნიშვნელოვანია. „მხოლოდ ამა წლის პირველ კვარტალში რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვა 40%-ით გაიზარდა და 302 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაორმაგდა ქართული ღვინის მიწოდება რუსეთში“, – განაცხადა სამინისტრომ და ხაზი გაუსვა საქართველოში რუსი ტურისტების და ინვესტიციების ზრდის ტენდენციას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „ვაჭრობის ზრდის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საავტომობილო ტვირთგადაზიდვების მოცულობა, რაც საქართველოს სამხედრო გზაზე უწყვეტი გადაადგილების უზრუნველყოფას აქტუალურს ხდის“. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში „პრაქტიკული თვალსაზრისით შეიმუშავონ ზემო ლარსი – ყაზბეგის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის საკითხები“.     

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, კარასინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „თბილისსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს ოფიციალური პირების გახშირებული მტრული რიტორიკა საერთაშორისო ფორმატებში სულ უფრო უშლის ხელს სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერების ტენდენციას, და შეუძლია ჩაშალოს ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს მართლაც ხელსაყრელი პროცესი“.    

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში, რომ „მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე, რის შედეგადაც ხდება საერთაშორისო სამართლისა და ელემენტარული ადამიანური ნორმების უხეში ხელყოფა“.

ამავე ინფორმაციით, „საუბარი შეეხო გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის ფაქტს“.

შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აბაშიძემ კიდევ ერთხელ გაუმეორა კარასინს, რომ თბილისმა დაასრულა საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე მუშაობა და „რუსეთის მხარის მზაობის შემთხვევაში, გამოხატავს მზადყოფნას, შეთანხმებულ ვადებში მოხდეს შვეიცარიულ კომპანიასთან ქართული და რუსული მხარეების მიერ შესაბამისი კონტრაქტების გაფორმება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიპლომატებმა შეთანხმების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნა, რომ მისი ამოქმედება „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ვაჭრობის ხელშეწყობის საქმეში“. „მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ მისი ყველა დებულება შეასრულონ და უახლოეს მომავალში ხელი მოაწერონ კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან და ასევე შეთანხმებას სატრასტო ფონდის შექმნის თაობაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.   

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აცხადებს კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ „რუსეთის მხარე მზად არის, შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად განიხილოს შესაბამისი კონტრაქტების გაფორმების ვადები და შესაბამისი მექანიზმი, რათა შემდგომ დაიწყოს 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული ამოქმედება“. 

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

მონიტორინგის განსახორციელებლად შეირჩა ჟენევაში განთავსებული კომპანია SGS. შეთანხმების თანახმად, რუსეთი და საქართველო კომპანიასთან ცალ-ცალკე კონტრაქტებს მოაწერენ ხელს, ხოლო მისი განხორციელებისთვის სატრასტო ფონდი ჩამოყალიბდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აბაშიძის და კარასინის მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button