Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ვაშაძე რეგიონებს სტუმრობს და პრიორიტეტებზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს რეგიონებს სტუმრობს და მხარდამჭერებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს აცნობს.

4 ნოემბერს მანე მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისიდან დაიწყო, რის შემდეგაც ის ბათუმსა და გორს ეწვია. ორივე ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ვაშაძეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, ასევე პარტნიორი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ახლდნენ.

როგორც ბათუმში, ისე გორში, ვაშაძემ მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ამომრჩევლებს პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „იცოდეთ, რომ არცერთი ადამიანი, ვინც ერთად ვდგავართ ამ საარჩევნო კამპანიაში, არცერთი ჩვენთაგანი თქვენ მხარდაჭერას არ აღიქვამს, როგორც რაღაცას დამსახურებულს და იმას, რაც აუცილებლად უნდა მიგვეღო. იცოდეთ, რომ ჩვენ ამას აღვიქვავთ როგორც უზარმაზარ ავანსს, რომელიც ყოველდღიური შრომით, კორუფციის, სიღარიბის, გაჭირვების დამარცხებით და თქვენი სამსახურით უნდა გავამართლოთ“, – მიმართა მან ამომრჩევლებს ბათუმში.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე ვაშაძემ ხელისუფლება გააკრიტიკა და მმართველ პარტიას „კრიმინალური, მოძალადე“ რეჟიმი უწოდა. მანვე პირობა დადო, რომ მოქმედი ხელისუფლება „ეროვნული, მრავალპარტიული, კოალიციური“ მთავრობით ჩანაცვლდება.

ვაშაძემ საკუთარი გუნდის საარჩევნო დაპირებებზეც ისაუბრა და ნაციონალური მოძრაობის ადრინდელი დაპირებები კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომლის თანახმადაც პენსიები 400 ლარამდე, მასწავლებლებისა და პოლიციელების ხელფასები კი, 1 000 ლარამდე და 2 000 ლარამდე გაიზრდება.

კანდიდატმა ამ მიზნით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პირობა დადო. „ფული ბიუჯეტში არის, უბრალოდ ფული ბიუჯეტში არ არის საქართველოს მოქალაქისთვის; ფული ბიუჯეტში არის ბიუროკრატიისთვის და ოლიგარქის ერთგული გარემოცვისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 37.74 % (601 224 ხმა) მიიღო. მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერსაა დაგეგმილი, ის მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდება, რომელმაც ხმების 38.64 % (615 572 ხმა) მოაგროვა.

ვაშაძე იპოთეკური სესხების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას საგარანტიო ფონდი და ეს ნაბიჯი არა მარტო მსოფლიო ბანკებიდან ამ ფონდში შემოიტანს საკმარის თანხებს და გააადვილებს ადგილობრივი ქართული ბანკების დაფინანსებას, არამედ რაც მთავარია, გაანახევრებს იპოთეკის ხარჯებს“.

მან საბანკო, ფარმაცეფტულ და ნავთობპროდუქტების სფეროებში არსებულ „მონოპოლიებზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია „კონკურენტულ“ ეკონომიკურ გარემოს შექმნის. „აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკა გათავისუფლდეს იმ კორუფციისგან, რომელმაც უკვე წალეკა სახელმწიფო ინსტიტუტები და ამისათვის, ხელისუფლებაში როგორც კი მოვა ეროვნული, მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა, იმ წუთასვე შევქმნით დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც გარანტი იქნება იმისი, რომ კორუფცია სამუდამოდ განიდევნება ჩვენი ეკონომიკის სფეროდან“, – განაცხადა მან.

ვაშაძემ სახელმწიფო კომპანიების ნაწილობრივ პრივატიზების, ბიზნესისთვის გადასახადების ეტაპობრივად შემცირებისა და მათი საგადასახადო ვალების გადავადების პირობაც დადო.

რუსული ოკუპაცია

გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, გრიგოლ ვაშაძემ რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა.

„უამრავი ადამიანია აქ დარბაზში, უამრავი ადამიანი გვიყურებს ლაივში, ვინც კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის გამო დროებით მოწყვეტილია თავის მშობლიურ ადგილს. ეს არის დროებითი, აუცილებლად დავბრუნდებით და ფსოუზე და როკის გვირაბთან ქართული დროშა იდგმება“, – განაცხადა მან.

„პირობა მინდა მოგცეთ, რომ 2008 წლის ომი, არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური წარმატებები მშვიდობიანი, კარგად გააზრებული, ნაბიჯ-ნაბიჯ მოფიქრებული საგარეო პოლიტიკით გაგრძელდება და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი სამშობლო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმისათვის, რომ ქართველიც, აფხაზიც და ოსიც ამ მიწაზე ცხოვრობდეს მშვიდობაში, კეთილდღეობაში და როგორც დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – დასძინა მან.

ვაშაძემ დევნილებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად ცხოვრობენ, სოციალური ბენეფიტების გაზრდის პირობა დადო.

ვაშაძის ოპონენტმა მოახლოებულ მეორე ტურზე – სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია 8 ნოემბერს განაახლა, თუმცა აქტიურ კამპანიას ის არ აწარმოებს. მმართველმა პარტიამ, რომელმაც ზურაბიშვილის საპრეზიდენტო განაცხადს მხარი დაუჭირა, თუმცა თავიდან მას დამოუკიდებელ კანდიდატად აცხადებდა, არც თუ ისე წარმატებული პირველი ტურის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზება მთლიანად საკუთარ თავზე აეღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button