Placeholder canvas
ახალი ამბები

როკის გვირაბი სარემონტო სამუშაოების გამო დაიკეტა

როკის გვირაბი, რომელიც კავკასიონის მთებში გადის და ჩრდილოეთ ოსეთს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს, 24 აპრილს სარემონტო სამუშაოების გამო დაიკეტა.

დამხმარე გვირაბი, რომელიც ძირითადი გვირაბის პარალელურად გადის, ტრანსპორტისთვის გამოიყენება, თუმცა ვიწრო დამხმარე გვირაბში მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შესაძლებელი და ამის გამო გვირაბში გადაადგილების მიმართულება ყოველ სამ საათში ერთხელ იცვლება.

3 660 მეტრი სიგრძის როკის გვირაბი, რომელიც 1985 წელს გაიხსნა და რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის რეგიონში შეყვანის კუთხით, სავარაუდოდ, მომდევნო სამი წლის მანძილზე დაკეტილი იქნება.

„მომდევნო ორ კვირაში მონიტორინგი განხორციელდება და ამ მონიტორინგის შედეგად მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შესაძლებელი იქნება, თუ არა ძირითადი გვირაბის დაკეტვა სამი წლით – სარემონტო სამუშაოების მთელი პერიოდით“, – განუცხადა სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „რეს“–ს 23 აპრილს.

2010 წლის დეკემბერში დაიწყო დამხმარე გვირაბის რეკონსტრუცია იმისათვის, რომ მისი გამოყენებით ერთი მიმართულებით მაინც გამხდარიყო მოძრაობა შესაძლებელი. 

2011 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ ოსეთში ვიზიტის დროს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა როკის გვირაბიც მოინახულა და განაცხადა, რომ ძირითადი გვირაბის სარემონტო სამუშაოებს, დაახლოებით, 16 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 546 მილიონი აშშ დოლარი) დასჭირდება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button