Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ ერთმანეთი საარჩევნო დამკვირვებლებთან კავშირში დაადანაშაულეს  

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა გაერთიანება ენმ-ძალა ერთობაშიამ ერთმანეთი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირში დაადანაშაულეს და იმ ორგანიზაციების სახელები და წევრები გაასაჯაროვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან არიან დაახლოებულნი.

27 ოქტომბერს, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად ქართული ოცნების პარტიული სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირებული 129 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 32 ოპოზიციურ პარტიებთან პირდაპირ კავშირში ან გარკვეულწილად კავშირში დაადანაშაულა.

წულუკიანის თქმით, 20 ორგანიზაციას ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან აქვს კავშირი, მათ შორისაა „რეფორმატორთა კლუბი“, რომლის დამფუძნებელიც დიმიტრი შაშკინია. ამ უკანასკნელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა; ასევე „პლატფორმა 20/20“, რომლის პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რვა არასამთავრობო ორგანიზაციას პარტია ევროპულ საქართველოსთან აქვს კავშირი, მათ შორისაა „მოძრაობა საქართველოს ერთობა და გაერთიანება“, რომლის საბჭოს წევრიც – ელენე ოზაშვილი, ევროპული საქართველოს პარტიულ სიაშია.

წულუკიანის თქმით, ორ არასამთავრობო ორგანიზაციას კავშირი გიორგი ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებელთან აქვს. ესენია – „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“ და „თავისუფალი ვექტორი“, ხოლო „სიტყვა ქართული“ და „დაცული და ინფორმირებული საზოგადოება“ პატრიოტთა ალიანსს უკავშირდებიან.

წულუკიანის ბრალდებების საპასუხოდ, ენმ-ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ის არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და, სავარაუდოდ, მმართველ პარტიასთან აქვთ კავშირი.

კორძაიამ აღნიშნა, რომ 2020 წელს 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო გრანტებით დაფინანსდა და ესენია – „საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“, „საზოგადოებრივი დამცველი“, „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“, „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი“ და „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის“. კორძაიასვე თქმით, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების სია „საკმაოდ გრძელია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button