skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 9 ოქტომბერს სასამართლო სისტემის რეფორმის 10 პუნქტიან კონცეფციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სახელწოდებით – „სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი 10 ნაბიჯი“ – არასამთავრობო ორგანიზაციების – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „ღია საზოგადოების ფონდის“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ შემუშავდა. დოკუმენტის მიზანი „სასამართლო სისტემის ფუნქციური და სისტემური გაუმჯობესება“, „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერება“ და „შიდა მმართველობის დემოკრატიული მექანიზმების შემოღებაა“.

დოკუმენტს ხელს შემდეგი საარჩევნო სუბიექტები აწერენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია, ევროპული საქართველო, სამართლიანობისთვის, ლელო საქართველოსთვის და მოქალაქეები.

ოპოზიციური პარტიები შემდეგ 10 პრინციპზე შეთანხმდნენ:

  1. პარლამენტმა მიიღოს პოლიტიკური შინაარსის რეზოლუცია, რომელშიც შეფასებული იქნება წარსულის გამოცდილება, პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობა, რომელსაც დეინსტიტუციონალიზებული, პოლიტიკურ გავლენების ქვეშ მოქცეული საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ქმნიდა;
  2. შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ფარგლები სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და კლანური მმართველობისგან გათავისუფლების მიზნით სათათბირო დემოკრატიის გაძლიერებითა და კონსენსუსზე ორიენტირებული პროცედურების იმპლემენტაციის გზით;
  3. დაიხვეწოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი და პროცედურა უზენაეს სასამართლოში საუკეთესო კანდიდატების შერჩევის მიზნით გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით;
  4. უზრუნველყოფილ იქნას მოსამართლეთა ინდივიდუალური, ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  5. გაიზარდოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს დაკომპლექტების პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოერთვას დომინანტური პოზიცია;
  6. დაიხვეწოს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა. დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი უნდა გაუმჯობესდეს და შეიქმნას მისი დამოუკიდებლობის გარანტიები;
  7. გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა. საგამონაკლისო ნორმებით ერთჯერადად უნდა განხორციელდეს სასამართლოში ახალი ნაკადის შედინება;
  8. გაიზარდოს ნაფიც მსაჯულთა როლი და არეალი, რაც გულისხმობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას იმ ტიპის სამართალწარმოებაში, რომლის ფარგლებშიც პირს პასუხისმგებლობის სახით შესაძლოა დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა;
  9. სახელმწიფომ ხელი შეუწყოს არბიტრაჟის როლის ზრდას, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს არბიტრაჟის სანდოობის ზრდას;
  10. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები უზრუნველყოფილ იქნან შრომის სამართლიანი პირობებით. აგრეთვე, სასამართლო აპარატში თანამშრომლების მიღება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს.

ხელმოწერებით პარტიები თანხმდებიან, რომ სასამართლო სისტემის რეფორმისთვის საჭირო კონცეფციის სისრულეში მოსაყვნად ისინი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button