Placeholder canvas
ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ოპოზიციაში დაბნეულობა მოჰყვა 

მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პროცესების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ნაციონალურ მოძრაობასა და მთელ ოპოზიციურ სპექტრში დაბნეულობა მოჰყვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს განმარტებების გაკეთება მოუწია.

ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ცნეს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, არჩევნების დღიდან მოყოლებული ხელახალი არჩევნების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

ვაშაძე განცხადებაში აღნიშნა, რომ ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ, დემოგრაფიულ პრობლემებთან და კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული „უმძიმესი გამოწვევების“ გამო პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადავიდეს. „მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას – სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, – თქვა მან.

გაიმეორა რა ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის თაობაზე, ვაშაძემ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ აღნიშნული პოლიტიკური კრიზისის დასრულების, ასევე ოპოზიციის სამართლიანი გამარჯვებითა და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების საშუალება იქნება.

განცხადებამ, რომელიც თავად ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ვაშაძის თანაპარტიელებისა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების გაბრაზება გამოიწვია.

„სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს“, – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ და დაამატა რომ მოლაპარაკების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა „მხოლოდ [იმ] პირობებით, რომლებიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ“.

ვაშაძის განმარტება

დაბნეულობის განსამუხტად ვაშაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დამატებით განმარტა, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე პოლიტიკური კომპონენტი უნდა დაემატოს. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებამდე ოპოზიციამ არც მეორე ტურში უნდა მიიღოს მონაწილეობა და არც პარლამენტში შევიდეს.

ამ განმარტებამ, როგორც ჩანს, ოპოზიციის ლიდერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკმაყოფილა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ვაშაძის განცხადებას Facebook-ით გამოეხმაურა და თქვა, რომ მას „მთლიანად“ ეთანხმება.

ნაციიონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ, რომელიც ისნის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ადგილზე გავიდა და მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატთან მოუწევს დაპირისპირება, განმარტა, რომ ვაშაძის პირველი განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე განცხადებამ საკითხში მეტი სიცხადე შეიტანა, კერძოდ შემდგომ პროტესტთან დაკავშირებით.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „იმ განმარტებებით, რაც შემდეგ გაკეთდა, რომ ეს თემა ამოწურულია“.

სხვა ოპოზიციური პარტიების რეაგირება

ევროპულმა საქართველომ სამ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან – გირჩთან, ლელო საქართველოსთან და სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად ცალკე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას და პარლამენტს და მეორე ტურებს ბოიკოტს უცხადებს.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მშვიდობიან პროტესტს განაგრძობენ, ხოლო მოლაპარაკებები მათ სამ მოთხოვნას უნდა დაეფუძნოს. ესენია: ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება.

განსხვავებული პოზიციები ოპოზიციის შიგნით

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვაშაძის მეორე განცხადება მოიწონა, უთანხმოება ოპოზიციური პოლიტიკოსების პოზიციებში კვლავ არსებობს.

მართალია, ვაშაძის მეორე განცხადება გარკვეულ წინაპირობებს შეიცავდა მეორე ტურებში ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობის თაობაზე, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე და უარი მეორე ტურებში მონაწილეობაზე ძალაში რჩება.

თავის მხრივ, მმართველი პარტია ოპოზიციას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, თუმცა, ოპოზიციის სამი მოთხოვნიდან რომელიმეზე დათანხმების რაიმე ნიშანი არ ჩანს.

ამ ვითარებაში, ოპოზიციას ორი ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი, მათ შორის, 21 ნოემბერს, მეორე ტურების დღეს ცოცხალი ჯაჭვი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button