ახალი ამბები

ოთარ ფარცხალაძეს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს გასული წლის მაისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე „El-Centro“-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც მაშინდელი მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია დაშავდა, 5 ნოემბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს და 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

აღნიშნულის შესახებ მთავარ პროკურატურაში დღეს განაცხადეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს და ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს მიხეილ ჩოხელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ცემას გულისხმობს.

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე „El-Centro“-ს ინციდენტთან დაკავშირებით, ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში 5 ნოემბერს გამოკითხეს. თუმცა, არც მას, არც პროკურატურას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკითხვის დეტალები არ გაუხმოვანებიათ. გუშინვე, გვიან ღამით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში მხოლოდ დღეს დაადასტურეს.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „El-Centro“-ში „ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას“, რის შედეგადაც „ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხასიათის დაზიანება“. უწყების ინფორმაციით, „ლაშა თორდია ცნობილ იქნა დაზარალებულად“.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქმედება ეხება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, განესაზღვრათ 5000-5000 ლარის ოდენობით გირაო“, – განაცხადეს უწყებაში და განმარტეს, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.

პროკურატურისავე განმარტებით, უწყებაში გამოძიება „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებითაც მიმდინარებს და საჭიროების შემთხვევაში, ფარცხალაძე აღნიშნული საქმის ფარგლებშიც დაიკითხება.

არჩევნებამდე რამდენი დღით ადრე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მომხდარში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დანაშაულს და მისთვის ბრალის წაყენების აუცილებლობას ვერ ხედავდა.

ადვოკატების გამოხმაურება

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარემ ყოფილ პროკურორს ბრალი „პროცესუალური კანონმდებლობის გვერდის ავლით“ წარუდგინა და რეალურად, საგამოძიებო ორგანოს „ბრალის წარდგენის საფუძველი არ ჰქონდა“. მისივე თქმით, ფარცხალაძე „წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს“. ჩვენ მზად ვართ სამართლიან სასამართლოში დავამტკიცოთ ბატონი ოთარის უდანაშაულობა“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ცენტრის დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა და ლაშა თორდიას ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ისინი გამოძიების მუხლის (126-ე) 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ, რაც „სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას“ გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტეს, რომ პროკურატურის მხრიდან საქმისადმი „სრული უმოქმედობა და სრული ცინიკური მიდგომა იყო“. მათვე საქმესთან მიმართებით პროკურატურის ახლა გააქტიურება „საპრეზიდენტო არჩევნებს“, ასევე „საერთაშორისო ორგანიზაციების“ და „მეგობარი სახელმწიფოების“ მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლას დაუკავშირეს.

პოლიტიკური შეფასებები

პროკურატურის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ ბრალის წარდგენას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის“. „თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პროკურატურის გადაწყვეტილების საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირი კატეგორიულად გამორიცხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. „საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას აქვს ვალდებულება მოახდინოს რეაგირება მაშინ და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველს აძლევს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.

ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ ბრალის წარდგენას წინასაარჩევნო გარემოს უკავშირებენ ოპოზიციაში. „იმდენად შეშფოთდნენ ამ დამარცხების შედეგად, რომ ეხლა ცდილობენ, რომ მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან. ალბათ, ასე იფიქრეს, რომ ფარცხალაძეს თუ ბრალს წავუყენებთ, ხალხი იფიქრებს, რომ ისინი კორუფციას ებრძვიან“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით კი, „ოთარ ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი“, რომელსაც, „თითსაც ვერავინ დააკარებს“. „წინასაარჩევნოდ დადგეს ახლა სპექტაკლი, წაუყენებენ ბრალს ყველაზე მსუბუქი მუხლით, ასე ვთქვათ, მამაკაცური ჩხუბის კონტექსტში და დააჯარიმებენ ერთი 2 000 ან 5 000 ლარით“, – განმარტა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button