skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს გვიან ღამით თავს დაესხნენ. ინციდენტი თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა.

კლინიკაში გადაყვანის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ ლაშა თორდიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მასზე თავდასხმაში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა. თორდიას თქმით, მასზე თავდასხმა „პირადი ანგარიშსწორება“ იყო.

„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება“, – განუცხადა თორდიამ ჟურნალისტებს 15 მაისს.

ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთ-ერთ საქმეს სწავლობს თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიგურირებს და აუდიტის სამსახური ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

„საქმე ეხება ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას. პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან (ფარცხალაძემ) მოითხოვა მერიაში და გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები", – განაცხადა ლაშა თორდიამ და აღნიშნა, რომ არც ერთი მიწის ნაკვეთი არ არის შეძენილი ოთარ ფარცხალაძის მიერ, აუდიტის იმ დასკვნის მიხედვით, რის გამოქვეყნებასაც სახელმწიფო აუდიტი აპირებს.

„შესაბამისად, ამას ჩვენ ყველაფერს გამოვააშკარავებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თორდიამ.

ინციდენტის მეორე დღეს წერილი გამოაქვეყნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. განცხადებაში ფარცხალაძე აღნიშნავს, რომ „კონფლიქტის ინიციატორი თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია“ იყო. ოთარ ფარცხალაძე „დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას“ ითხოვს იმ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს.

„მე მოვითხოვ, რომ ის მასალები, რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სახელმწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძიებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ… შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის“, – ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.

ამ დროისთვის უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button