skip to content
ახალი ამბები

„ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ფულის გამოძალვასა და რეკეტზე საუბრობს

„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელი, ზაზა ოქუაშვილი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელობას ფულის გამოძალვაში, რეკეტსა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

ოქუაშვილმა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოში პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს, ამის შესახებ 30 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 80 წუთიან ინტერვიუში ისაუბრა.

ოქუაშვილის განცხადებებს წინ „რუსთავი 2“-ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელება უძღოდა, სადაც, სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ესაუბრება. ჩანაწერები კორუფციის, ოფიციალური პირებისთვის ფულის გადახდის და მმართველი პარტიის დაფინანსების ფარული სქემის შესახებ ბრალდებებს მოიცავს.

აუდიოჩანაწერები პირველად მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა და მფლობელებმა ხელისუფლება ზეწოლასა და „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულეს. „ომეგა ჯგუფი“ ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელი და მთავარი დამფინანსებელია.

ოქუაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, აცხადებს, რომ მას ოცნების მხრიდან „თავისუფალი ბიზნესისა და თავისუფალის სიტყვის“ წართმევის შესახებ „მოსაყოლი ძალიან ბევრი აქვს“. „მზად ვარ ჩვენი ხალხისთვის, საქართველოს მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, ბიზნესის თავისუფლებისთვის, რომ მოვყვე“, – განაცხადა მან.

ბიზნესმენმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოქუაშვილი ივანიშვილის თამბაქოს ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესში არსებულ დემპინგზე და კომპანიის მიერ 2004-2005 წლებში მიყენებული 25 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზარალის დაბრუნებაზე სასაუბროდ, 2016 წლის დასაწყისში შეხვდა.

ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილი მას მაშინდელ ბიზნესომბუდსმენთან და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილ მინისტრთან ლევან ყიფიანთან ერთად შეხვდა. ეს უკანასკნელი ოქუაშვილმა მთავრობასთან ურთიერთობებისთვის დაიქირავა.

ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილმა მისი კომპანიის ფინანსური სისუსტეები ბოროტად გამოიყენა და ფულის გამოძალვას შეეცადა. მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილმა ეს საკითხი ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს გადააბარა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის მონაწილეობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფარულ გარიგებებს „ზედამხედველობს“.

ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილთან საუბრიდან ცოტა ხანში, მას ფარცხალაძემ შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, ფარცხალაძემ, რომელსაც თან „ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი კბილებამდე შეიარაღებული ხალხი“ ახლდა, კომპანიის დემპინგის პრობლემის მოსაგვარებლად და 25 მილიონის ოდენობის ზარალის ასანაზღაურებლად ოთხი მილიონი მოსთხოვა.

ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ მას საკითხის მოგვარება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან სურდა და ეს ოთარ ფარცხალაძეს გადასცა, თუმცა მოგვიანებით, ლევან ყიფიანმა მას გაფრთხილება დაუწყო, რომ თუ მოთხოვნილ თანხას დროულად არ გადაიხდიდა, საქმე მისთვის ცუდად დამთავრდებოდა.

ოქუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი უარის შემდეგ, ყიფიანი მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დაუკავშირდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა საკითხის მოგვარება ვერ შეძლო. ოქუაშვილის თქმით, მოგვინაებით ყიფიანი „ზედმეტი სიარულისთვის“ დასაჯეს, ის სარდაფში გამოკეტეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

„რუსთავი 2“-ის მიერ 30 სექტემბერს, ოქუაშვილის ინტერვიუმდე გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სადაც ლევან ყიფიანთან მისი საუბრის ნაწილია ასახული, ყიფიანი ადასტურებს, რომ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

ოქუაშვილის თქმით, ინციდენტის შემდეგ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებზე ზეწოლა გაძლიერდა. შეხვედრაზე, რომელიც 2016 წლის ინციდენტის შემდეგ გაიმართა, ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პირადად გაიმეორა ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნა და 4 მილიონის გადახდა მოითხოვა.

ოქუაშვილმა განაცხადა, რომ მას საბოლოოდ ოთხი მილიონი ლარის გადარიცხვა ოფშორში ერთი დღით ადრე დარეგისტრირებული კომპანიისთვის აიძულეს. ოქუაშვილის თქმით, თანხა ნაღდი ფულის სახით თიბისი ბანკიდან გამოიტანეს. ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და გიორგი გახარიამ ბანკის მფლობელებზე ზეწოლა მოახდინეს, რათა ფული არასამუშაო საათებში გაეტანათ*.

ინტერვიუში ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა პატრიოტთა ალიანსთან კავშირზე და აღნიშნა, რომ მას სთხოვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია დაეფინანსებინა. პატრიოტთა ალიანსმა 5%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში 6 დეპუტატით შევიდა. ოქუაშვილი მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო და მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.

*1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, თიბისი ბანკმა ზაზა ოქრუაშვილის განცხადება უარყო და ის „მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობად“ შეაფასა. „ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ტელეკომპანია „იბერია“ 2000 წელს დაარსდა, რომლის მფლობელი და დამფინანსებელი ბიზნესკომპანია ომეგა ჯგუფი იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს სამართალდამცველებმა „იბერიას“ ოფისში ფირმა ომეგას მიერ სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესში მონაწილეობის მოტივით ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით ტელეკომპანია „იბერია“ დაიხურა და მაუწყებლობის ლიცენზია მხოლოდ 2013 წელს დაიბრუნა, 2015 წელს კი, მაუწყებლობა განაახლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button