skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე ფარული ჩანაწერების განხილვას ითხოვს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე, მისი მონაწილეობით, „სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების“ განხილვას ითხოვს. პრეზიდენტმა ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებას წინ მედიის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელება უძღოდა, რომლების მაღალჩინოსნებს სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში ამხელს და რასაც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ და ომეგა ჯგუფის გარშემო განვითარებული მოვლენები „შემაშფოთებელია“. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხი „კრიმინალური ჯგუფების ჩარევაზე, რეკეტსა და სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაზე“ არის „არაადეკვატური იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე“. „ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილის მომგვრელი და არც სასაცილო“, – განაცხადა მან.

„საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერებისა და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტიან დაცვას“, – განაცხადა პრეზიდენტმა და „ვითარების ადეკვატური შეფასებისა და ადეკვატური ზომების გატარებისკენ“ მოუწოდა.

„გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სწორედაც რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში, მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გზავნილი ჯარისკაცებს, მარიხუანის კულტივაციის კანონი

გამოსვლაში, პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებსაც მიმართა, სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებების გამო.

მარგველაშვილმა სამხედროებს უთხრა, რომ „მინდა, პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადაგედოთ“. „პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. იცოდეთ, რომ საქართველო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში გახდა თავდასხმის ობიექტი, მადლიერია თქვენი თავგანწირვის“.

„საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ასევე მარიხუანის კულტივაციის შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა „სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა საქართველოში“. მისი თქმით, ამის ორი მიზეზი აქვს – ქვეყანა ნარკოტიკების გავრცელებას ეფექტიანად და მარიხუანის მოყვანა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს.

  • ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მთავრობას მისი მონაწილეობით სხდომის ჩატარება სთხოვა. 2014 წლის ნოემბერში, მან სხდომის ჩატარება საგარეო პოლიტიკური საკითხების განსახილველად ითხოვა. 2015 წლის ოქტომბერში მას მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვა სურდა. მთავრობამ მისი არცერთი თხოვნა დააკმაყოფილა.
  • საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილია „ცალკეულ საკითხთა“ მთავრობის სხდომაზე განხილვა მოითხოვოს და ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება აღარ ექნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button