skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა კანაფის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო

პარლამენტმა მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. ჯანდაცვის კომიტეტის ეს ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 8 ოქტომბერს განიხილეს და კანონპროექტის გადადებას მხარი დაუჭირეს.

ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გადავადება არ ნიშნავს, რომ კანონპროექტს ორ თვეში მიიღებენ, „ეს იქნება მსჯელობისთვის ორი თვე“, – განაცხადა მან.

„[კანონპროექტის] გაწვევასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ინიციატორებს, მაგრამ რეალურად პარლამენტში ეს საკითხი გადავადებულია იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო გვქონდეს მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ რაღაც გარკვეულ შეთანხმებაზე ჩვენ თვითონ მივალთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა.

ხელისუფლების გადაწყვეტილება მოსახლოების მოტყუებად შეაფასეს ოპოზიციაში. ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, „გაყალბების გზით“, არჩევნების მოგების შემდეგ, ხელისუფლება საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

„ჩვენ 28 ოქტომბერს გადავაქცევთ კიდევ ერთ რეფერენდუმად, გადაიქცევა თუ არა უძველესი კულტურის ქვეყანა ნარკოპლანტაციად იმისათვის, რომ ე.წ. ქართული ოცნების მამამთავრების ჯიბე გაასქელოთ ჩვენი მომავალი თაობების ამოწყვეტის ხარჯზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემდეგ, ყველა კანონიერი ინსტრუმენტის გამოყენებით, „არ მოგცემთ ამის გაკეთების საშუალებას“.

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ საკითხშიც, ისევე როგორც ყველა სხვა დაპირებაში, ქართული ოცნების საფირმო ნიშანი არის „ტყუილი“ და „საზოგადოების მოტყუება“.

„როდესაც მათ დაინახეს რამდენად ერთსულოვნად წინააღმდეგი იყო საზოგადოება მარიხუანის ლეგალიზების და პლანტაციების დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ კანონპროექტს გაიხმობდნენ და აღარ მიიღებდნენ, დღეს იმედი აქვთ, რომ რეაქცია ჩაცხრა, საზოგადოება აღარ აიმაღლებს ხმას და არჩევნების შემდეგ წამოწევენ ამ თემას“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება ამ ხელისუფლების ნდობა.

პარლამენტის მიერ საკითხის გადავადება პატრიარქის მოსაყდრემ ქორეპისკოპოსმა შიომაც შეაფასა და განაცხადა, „ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა, ვინაიდან ჩვენ მოვუწოდეთ, ეკლესია მოუწოდებს“.

იგივე პოზიცია დააფიქსირა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც. მისი თქმით, „ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს და ვერანაირ პოზიტივს ამაში [გადავადებაში] ვერ ვხედავთ“.

„თუ დაიწყო ამის პროპაგანდა ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს არის მხოლოდ დროებითი გადადება საკითხის და სინამდვილეში მოსახლეობის აზრის გათვალისწინება არ სურთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კანონპროექტთან დაკავშრებით კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება საზოგადოების არცერთ ნაწილთან ამ საკითხზე „დაპირისპირებას“ არ აპირებს.

„ჩვენ ვაპირებთ ახსნა-განმარტების, ჯანსაღი დიალოგის, დისკუსიის, ზოგ შემთხვევაში მწვავე დისკუსიის საშუალებით პოზიციები დავაახლოვოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ „ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პოზიციებს დავაახლოებთ და იმ კონდიციამდე მივიყვანთ ამ პოზიციებს, რომ ვიმოძრავებთ ერთად“.

სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესახებ ინიციატივა ხელისუფლებამ 11 სექტემბერს გააჟღერა, რასაც საზოგადოებისა და ეკლესიის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 16 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება კანონპროექტის თაობაზე „ნაჩქარევ“ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და სანაცვლოდ, საპატრიარქოსთან კონსულტაციების გზით, საზოგადოებას მის რეალურ მიზნებზე შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button