
„მთავარი არხი“ და მისი დამფუძნებელი არხის მუშაობასთან დაკავშირებით ერთმანეთს ადანაშაულებენ
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 27 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას მიყვება“ და ეტაპობრივად ხურავს არხს.
არხმა განაცხადა, რომ ოქუაშვილის დავალებით, მისი დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც „უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე“, რის გამოც „მთავარი არხი“ უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც „ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა“. ტელეკომპანია აცხადებს, რომ „ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის“.
„ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან “მთავარი არხის” გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც“, – აცხადებს ტელეკომპანია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაყიდვების სახლთან კონტრაქტის ამოწურვის გამო, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, ხოლო ჟურნალისტები ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს მოვლენათა ეპიცენტრებიდან, ვინაიდან ჩართვის აპარატების სერვისი გადაუხდელობის გამო აგრეთვე გათიშულია.
„ზაზა ოქუაშვილის და მის მიერ მართული დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებები წარმოადგენს კომპანიის განზრახ დაზიანებისა და კრიტიკული მედიის დახურვის მცდელობას, რაც ემსახურება “ქართული ოცნების” მიზნებს და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, – ნათქვამმია არხის განცხადებაში.
30 იანვარს ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „მთავარს“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არხის განცხადება დაემთხვა ლონდონში ახალ სასამართლო მოსმენებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მის სასამართლო დავასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „გვარამია და გაბუნია თავისუფალნი არ არიან თავიანთ განცხადებებში , რადგან არიან ივანიშვილის მძევლები მათ მიერ ჩადენილი უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო, რამაც „მთავარი არხი“ მიიყვანა ხელოვნურ გაკოტრებამე“.
ოქუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მის მიერ დანიშნული დირექტორი ქურდაძე „არ გახდა თანამონაწილე „მთავარ არხზე“ მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედებებისა. ქურდაძის მოთხოვნა არხის მუშაობის კანონიერ ფარგლებში მოქმედებაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“, რომელიც „ჩართული იყო ფულის გათეთრების მაქინაციურ სქემაში, გიორგი ქურდაძის მიერ მხილების შემდეგ აღარ თანამშრომლობს მთავარ არხთან და შესაბამისად რეკლამაც არხზე შეჩერებულია“. ოქუაშვილის თქმით, „მთავარი არხის“ გადასარჩენად საჭიროა მის დირექტორად „მოვიდეს ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი, რომელიც კანონიერად მართავს არხს“.
„გვარამია-გაბუნიას ეს დემაგოგიური შავი პიარიც ჩემს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარგებელს ემსახურება|, – დასძინა მან.
არხის ფინანსური სიძნელეებისა და მისი შესაძლო დახურვის შესახებ ხმები რამდენიმე თვეა ვრცელდება. მანამდე, 11 დეკემბერს, ბრიფინგზე „მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა: „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – დახუროს „მთავარი არხი“.
„მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ახალი ტელევიზიის დაარსების გეგმები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დატოვებიდან მალევე გამოაცხადა, როდესაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი 2019 წლის ივლისში თანამდებობიდან გაათავისუფლა.
2020 წლის მაისში „მთავარი არხის” მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, რადგან ის, მისი თქმით, არაა თავსებადი “პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ”. გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა. მალევე ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური პარტია „ახალი“ დააარსა.
შენიშვნა: მასალა განახლდა 30 იანვარს და მას ზაზა ოქუაშვილის კომენტარი დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/10/2024 – კომუნიკაციების კომისიამ ოპოზიციური ტელეარხები საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო
- 07/10/2024 – ოპოზიციური მედია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეორგოლის გაშვებაზე უარს აცხადებს
- 12/09/2024 – კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო დააჯარიმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)