skip to content
ახალი ამბები

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 აპრილის განცხადებით, სამართალდამცველებმა 2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ის გამოძიების თანახმად, დაკავებულმა, ამავე საქმეზე უკვე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, „ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით“, დავით სარალიძეს ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამბის წინაისტორია

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა. კერძოდ, საქმეზე ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთი – გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამტყუნდა. სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაზე ორივე მათგანი გაამართლა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი და მაშინდელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის შვიდთვიანი განხილვის შემდეგ, 2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჯანაშიას ბრალი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობიდან – ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ 2020 წლის 25 თებერვალს გამოიტანა და მას ასევე 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხორავას ქუჩის საქმის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button