Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1918: „საქართველოს რესპუბლიკა“ სომხურ პრესას ეხმაურება

(„საქართველოს რესპუბლიკა”, 6 ოქტომბერი, 1918, N59)

სომხური პრესა

„აშხატოვორი“, დაშნაკცაკანების მარცხენა ფრთის ორგანო, იმის გამო, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, შემდეგსა სწერს:

„ხანგრძლივ მოლაპარაკების შემდეგ გერმანიამ აიძულა რუსეთი, რომ იცნოს საქართველოს „დამოუკიდებლობა:. ამნაირად ცენტრალურ სახელმწიფოების ღონისძიებით რესპუბლიკანური, „დემოკრატიული“ საქართველო იმპერიალიზმის „საერთაშორისო“ ოჯახში შედის.

როგორც სჩანს, ამიერ-კავკასიის ტრაგედიის შემდეგ დანარჩენი ორი „განთავისუფლებული“ რესპუბლიკა დავიწყებულია.

ამ რიგად დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს ჩვენი ტრაგი-კომედიის პირველი მოქმედება; სამი „სუვერეული“ რესპუბლიკიდან ერთი ჰხდება დამოუკიდებელი რუსეთიდან და მაგარ ჯაჭვით კავშირდება ცენტრალურ სახელმწიფოებთან; სხვა ორი „რესპუბლიკა“ კი, სანამ „გარკვეულ მოსაზრებებით“ არ გათავისუფლდებიან, მანამდე რჩებიან ოსმალეთის იმპერიის მუშტის ქვეშ…

იმთავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით „დამოუკიდებელ“ რესპუბლიკების შექმნისა, და დღეს არც გვიხარიან საქართველოსთვის იმპერიალისტების „უმადურათ ბოძებული“ დამოუკიდებლობა და არც ვწუხვართ მის მეზობლების დამოუკიდებლობის არ აღიარების გამო.

ჩვენ არ გვიხარიან საქართველოს დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ ეს დამოუკიდებლობა ხელთ მოგდებულია – არა რევოლიუციონურ ბრძოლის საშუალებით, არამედ ეკონომიური და პოლიტიკური ყმობის საფასურით.

ჩვენ არა ვხარობთ ცენტრალურ სახელმწიფოების „მზრუნველობის“ გამო, იმიტომ, რომ დიპლომატიის მიერ ბოძებული, საჯარო ვაჭრობით ხელთ ჩაგდებული, დამოუკიდებლობა, ხვალ იმავე დიპლომატების მხრით, იმავე საჯარო ვაჭრობის საშუალებით შეიძლება გაიყიდოს.

ჩვენ თავისუფალ და ფაქტიურად დამოუკიდებელ საქართველოს იმ დროს მივეგებებოდით, როცა საქართველოს დემოკრატიისა და არა მისი დიპლომატიის მიერ იქნებოდა ხელს ჩაგდებული ეს დამოუკიდებლობა.

ჩვენ მივეგებებოდით და გავიზიარებდით მხოლოდ იმ დროს, როცა გამარჯვებული იქნებოდა არ თუ იმპერიალისტების ესა ან ის ჯგუფი, არამედ თვით საქართველოს დემოკრატია. ჩვენ გავიხარებდით მხოლოდ იმ დროს, როცა პატარა ერების გათავისუფლება იქნებოდა მსოფლიო დემოკრატიის შეუდრეკელი ნების ნაყოფი და არა კაპიტალისტების მიერ დაქირავებულების „მოწყალების“ შედეგი…

მაგრამ ჩვენ მხოლოდ დროებით ვურიგდებით შექმნილ პირობებს და მზად ვართ ახლად დავადგეთ რევოლიუციონურ ბრძოლის გზას, რომელიც მიიყვანს მსოფლიო დემოკრატიას გამარჯვებამდე, რადგან რევოლიუციონურ ბრძოლისა და გამარჯვების გარეშე გადარჩენის რომელიმე სხვა გზა არ არსებობს“.

მემარცხენეებს „აშხატავორიდან“ არ უხარიანთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რადგან იგი დიპლომატიის გზით მოხდა. ეს მათი საქმეა. მხოლოდ ტყუილად ჰგონიათ, რომ საქართველოს დემოკრატიამ დაივიწყა საერთაშორისო გზა და არ იბრძვის მსოფლიო დემოკრატიასთან ერთად ყველა ერთა თავისუფლებისათვის და შრომის სუფევის დამკვიდრებისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button