ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შეისწავლის

Tags

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს შეისწავლის.

სტრასბურგის სასამართლოს საქმე, 2012 წლის დეკემბერში და 2013 წლის იანვარში თანხების სავარაუდო გაფლანგვისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების კონტექსტში, მის მიმართ გამოვლენილ დარღვევებს ეხება. მერაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმეების მიზანი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება იყო.

მერაბიშვილი აცხადებს, რომ მისი დევნა წინასწარი პატიმრობის დროსაც გაგრძელდა, როდესაც 2013 წლის დეკემბერში ის საკნიდან გაიყვანეს და მაშინდელ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს. ეს უკანასკნელი მერაბიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან, ასევე ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ოფშორულ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ზეწოლაში დაადანაშაულა.

მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, 2013 წლის მაისში დააკავეს. საქალაქო სასამართლომ ის რამდენიმე საქმეზე, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში დამნაშავედ ცნო და ის სასჯელს 2014 წლის ოქტომბრიდან იხდის. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წლის თებერვალში ეწურება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ 2017 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით, მისი პატიმრობა სხვა საქმეების თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად იყო გამოყენებული.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის დეკემბერში მისი საკნიდან ფარული გაყვანის შესახებ მერაბიშვილის განცხადებები დადასტურდა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, 2018 წლის იანვარში მერაბიშვილის ადვოკატებმა მისი საკნიდან გაყვანის საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება, ამ საკითხზე სამართალწარმოების ხელახლა დაწყება და ახალი გამოძიების დასრულებამდე მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოწოდებას არ შეიცავს და ხაზგასმით აცხადებს, რომ მსჯავრდებული სასამართლოს სხვა განაჩენებთან დაკავშირებით იხდის სასჯელს, რომლის კანონიერებაც ევროპულ სასამართლოს არ შეუმოწმებია, შედეგად, ადვოკატების მოთხოვნა მერაბიშვილის გათავისუფლებაზე უსაფუძვლოა.

მოპასუხე მხარის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის „საკნიდან მერაბიშვილის ფარული გაყვანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აღმოჩენილი კონკრეტული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, დამატებითი საგამოძიებო და სამართლებრივი ზომები განახორციელოს“.

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. მისი შეხვედრები მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ, ხოლო მინისტრების მოადგილეების დონეზე კვირაში ერთხელ იმართება.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო ხდება, მისი აღსრულების გასაკონტროლებლად ის მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button