ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

Tags

ყოფილი ხელისუფლების ყველაზე სტაჟიანმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 წლიანი და 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, 20 თებერვალს, დილის 10 საათზე დატოვა.

გათავისუფლების შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მერაბიშვილის თქმით, იგი კმაყოფილია, რომ ამ ხნის განმავლობაში, კომპრომისზე არ წავიდა და რომ პოლიტიკაში „აქტიურად“ ჩაერთვება.

„გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ… ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყენაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს – დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი – ღირსეული პენსია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. 

მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების დამხობის“ შემდეგ, მატროსოვის ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიხსნება. მე ვამბობ, რომ ვინც ამ ციხეში ზის ყველა არის პოლიტპატიმარი“, – დასძინა მარაბიშვილმა.

მანვე პოლიციელებსაც მიმართა და თქვა, რომ იგი მეგობრებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს „პოლიციის ღირსების“ აღსადგენად და მისთვის ნდობის დასაბრუნებლად, ასევე, პოლიციელების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ვანო მერაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან [გულისხმობს „ერთიან ნაციონალური მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“]. მერაბიშვილმა თქვა, რომ ყველა მათგანთან შეხვედრისა და მათი მოსაზრებების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, რომელი პარტიის რიგებიდან შეუერთდება პოლიტიკურ აქტიურობას.

მერაბიშვილმა ისიც თქვა, რომ მას ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა ახარებს და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ ერთიანობით დავამარცხებთ დღევანდელ არსებულ რეჟიმს“.

„ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან კიდევ საქმეები, მე ეს ვერ გამტეხს და ჩვენ ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა.“, – აღნიშნა მანვე.

ვანო მერაბიშვილი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს და მას ბრალად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა მოსყიდვა, დიდი ოდენობით თანხის მითვისება გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარუდგინეს. მოგვიანებით, მერაბიშვილს ბრალი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ასევე გირგვლიანისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტეო აქციების დაშლის საქმეებზეც წარედგინა.

სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ ყველა ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანა. ამასთან, საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის საქმის განხილვა, რომელშიც მერაბიშვილს ასევე ბრალდებულის სტატუსი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button