skip to content
ახალი ამბები

სახმელეთო გზით ხორბლის იმპორტზე აკრძალვა ერთი წლით გადაიდო

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის 20 სექტემბრის განაცხადებით, სახმელეთო გზით ხორბლის იმპორტზე აკრძალვის შესახებ მისი გადაწყვეტილების ამოქმედება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის გადაწყვეტილებას გადამზიდავების პროტესტი მოჰყვა. მათ მინისტრის შესაბამისი ბრძანების გაუქმების მოთხოვნით თბილისში რამდენიმედღიანი აქციები გამართეს. 20 სექტემბერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე თავის დაწვითაც იმუქრებოდა, თუ ფინანსთა მინისტრი მას არ შეხვდებოდა.

მასთან შეხვედრის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მთავრობამ მძღოლების მდგომარეობა მხედველობაში მიიღო და აკრძალვა ერთი წლით გადადო.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის მერე, მომავალი შეზღუდვა, იქნება ეს სეზონური, თუ სხვა ტიპის, ერთად გავიაროთ მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანა/გატანის აკრძალვის შესახებ ბრძანება 22 აგვისტოს გამოაქვეყნა. ბრძანების თანახმად, ხორბლის ტრანსპორტირება საქართველოში მხოლოდ საზღვაო და სარკინიგზო საშუალებით არის შესაძლებელი. მისი ძალაში შესვლის თარიღად თავდაპირველად 15 სექტემბერი განისაზღვრა, თუმცა გადამზიდავების პროტესტის შემდეგ, მისი ამოქმედება ერთი წლით გადავადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button