skip to content
რესპუბლიკის ამბები

1918: დღევანდელი ერობა და მისი სახე

(ერთობა, 30 აგვისტო, 1918) ჩვენი ერობა არ არის დამყარებული არავითარ ცენზზე. მისთვის არ არსებობს არც ქონებრივი, არც წოდებრივი ცენზი.

საერობო დროებითი დებულების ძალით განზრახულია ერობის სამი სახე: წვრილი ერთეული, ანუ სასოფლო, სამაზრო და საგუბერნიო ერობა. ჩვენში რომ ნორმალური პირობები იყოს, ჯერ უნდა არჩეულიყო წვრილი ერთეული, შემდეგ სამზრო და საგუბერნიო ერობანი, ანდა წვრილი ერთეული და სამაზრო ერთად, შემდეგ კი საგუბერნიო ერობა. მაგრამ ეს დღეს ასე არ ხერხდება.

წვრილი ერთეულის გამოყოფა ჩვენში დიდ დროს მოითხოვს. ამავე დროს არ არსებობს ისეთი ფარული კენჭის ყრით არჩეული დემოკრატიული სამაზრო დაწესებულება, რომელსაც შეეძლოს ყველა კუთხისათვის სავალდებულოდ გადასწყვიტოს წვრილი ერთეულის გამოყოფის საკითხი.

ამოტომ გადასწყდა უპირველესად ყოვლისა იქნას არჩეული სამაზრო ერობა, რომელიც შემდეგ შეუდგება წვრილი ერთეულის გამოყოფის საქმის მოგვარებას. ეს ერთად ერთი გზაა, რომელსაც შეუძლია დემოკრატიის ინტერესების თანახმად გადასწყვიტოს ეს საკითხი.

ის დროებითი დებულება, რომლითაც დღეს ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერობის არჩევნებში, შედგენილია ამიერ კავკასიის მასშტაბით, როცა მაშინდელი სახელმწიფოს ფარგლები ბევრათ ფართე იყო დღევანდელისაზე.

ეხლანდელი საქართველოს სახელმწიფო შეიცავს სულ ორ გუბერნიას და რამდენიმე ოლქს. ამიტომ საჭიროა გუბერნიის და მაზრის ფარგლების ამ გარემოებასთან შედარებით გამოჭრა, რასაც, მოსალოდნელია, მოჰყვეს საგუბერნიო ერობის მოსპობა ჩვენში.

ყოველ შემთხვევაში ეს პრინციპის საკითხი კი არ არის, პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია და მისი ასე თუ ისე გადაჭრა დამოკიდებულია საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტისაგან.

მსგავსი/Related

Back to top button