Placeholder canvas
XX საუკუნე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა

მმართველობის ისტორია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველსავე დღეს, რესპუბლიკის დროებითმა საკანონმდებლო ორგანომ ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა რესპუბლიკის მთავრობა.

ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს დამტკიცებული მთავრობა 8 წევრისგან შედგებოდა, მთავრობაში წარმოდგენილი იყო რესპუბლიკის ოთხივე ძირითადი პოლიტიკური პარტია.

ყველაზე გავლენიანი, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია მინისტრის 4 პორტფელს ფლობდა, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია 2, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია თითო პორტფელს.

საინტერესოა, რომ თავად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებს არ სურდათ სოციალ-დემოკრატების მიერ მართულ მთავრობის შემადგენლობაში შესვლა და მათი პარტიის წევრი, გიორგი ჟურული მთავრობაში ერთგვარად პარტიის სურვილის საწინააღმდეგოდ შევიდა, შემდეგ კი პარტიაც დატოვა.

მთავრობას სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი ხელმძღვანელობდა, რაც პოლიტიკურ სპექტრში და მოქალაქეებში გაკვირვებას იწვევდა, რადგანაც ამ პოსტზე ყველა სოციალ-დემოკრატიული პარტიის და ერთგვარად მთელი რესპუბლიკის აღიარებულ ლიდერს, ნოე ჟორდანიას მოელოდნენ.

ნოე რამიშვილი მთავრობის თავმჯდომარეობის გარდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტსაც ითავსებდა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამიერკავკასიის ფედერაციის ყოფილი პირველი პირი აკაკი ჩხენკელი მთავრობაში  გარეშე საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა,  კიდევ ერთი სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გიორგაძე კი  სამხედრო მინისტრის პოსტს. მთავრობის მეოთხე სოციალ-დემოკრატი წევრი ნოე ხომერიკი იყო, რომელიც შრომისა და მიწათმოქმედების მინისტრის პორტფელს ფლობდა.

სოციალ-ფედერალისტებმა მათთვის გამოყოფილი მინისტრის ორი პორტფელი პარტიის ლიდერებს გიორგი ლასხიშვილსა და შალვა ალექსი-მესხიშვილს გადასცეს, ორივე მნიშვნელოვან სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ლასხიშვილმა სახალხო განათლების სამინისტრო ჩაიბარა, ხოლო ალექსი-მესხიშვილმა იუსტიციის სამინისტრო.

მთავრობის ეროვნულ-დემოკრატ წევრს გიორგი ჟურულს რესპუბლიკის ეკონომიკაზე ზრუნვა მიენდო, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრად დამტკიცდა.

მთავრობის მერვე წევრი, სოციალისტ-რევოლუციონერ ივანე ლორთქიფანიძე გზათა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტ იკავებდა.

მთავრობის დამტკიცებიდან 29 დღის შემდეგ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ერთის მხრივ მოსალოდნელი, მაგრამ მაინც გასაკვირი ცვლილება მოხდა: მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ნოე ჟორდანიამ დაიკავა, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე დაიწყო ზრუნვა რევოლუციონური ორგანიზაციებიდან (საბჭოებიდან) ძალაუფლების რესპუბლიკის მთავარ ორგანოებზე – ეროვნულ საბჭოსა და მთავრობაზე გადასატანად.

1918 წლის 24 ივნისს ეროვნულმა საბჭოს დააკმაყოფილა ნოე რამიშვილის განცხადება მთავრობის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ და ამავე დღეს დაამტკიცა ახალი მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, რომელშიც სხვა არც ერთი ცვლილება არ განხორციელებულა.

ნოე რამიშვილი მთავრობაში დარჩა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. 1918 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე ის ასრულებდა ევროპაში ხანგრძლივი დიპლომატიური მისიით მივლინებული აკაკი ჩხენკელის მოვალეობასაც.

მეორე მთავრობაში შემდგომში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა, ისიც საგარეო მიზეზებიდან გამომდინარე. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებით გამოწვეული ახალი ვითარების გამო, გარეშე საქმეთა პროგერმანულად განწყობილი მინისტრი აკაკი ჩხენკელი გადაყენებული იქნა თანამდებობიდან და 1918 წლის 4 ნოემბერს, მის ნაცვლად ამიერკავკასიის კომისარიატის ყოფილი თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა.

მეორე კოალიციური მთავრობა 1919 წლის  მარტამდე მუშაობდა. 1919 წლის 12 მარტს დემოკრატიულად არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ პირველი სხდომა გამართა,  რომელზეც მალევე დაისვა საკითხი ახალი მთავრობის დამტკიცების შესახებ.

დამფუძნებელ კრებაში მანდატების 84%-ს სოციალ-დემოკრატიული პარტია ფლობდა. შესაბამისად, ერთპარტიული მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

მართალია, რესპუბლიკის მთავრობა ერთპარტიული გახდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით იყო ასე. რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვან, დემოკრატიული კონტროლის განმახორციელებელ ფუნქციებზე რჩებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები და პირები, რომლებიც ღიად თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურ პარტიებს.

ასეთები იყვნენ სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი – პროფესორი, სოციალსტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1918 წელს ის პარლამენტის წევრის მანდატსაც ფლობდა და 1919 წელს კრების არჩევნებზეც გამოდიოდა ფედერალისტთა სიით.

სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. 1918 წელს ისიც პარლამენტის წევრი იყო, 1919 წელს, დამფუძნებელი კრების არჩევნებზეც გამოდიოდა ედპ-ს სიით.

რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, სენატის თავმჯდომარე დავით ხელთუფლიშვილი – უპარტიოდ ითვლებოდა, თუმცა ნამდვილად არ უთანაგრძნობდა სოციალ-დემოკრატებს, უფრო პირიქით. სენატის წევრთა ნაწილიც ოპოზიციური პარტიებიდან იყო, მათ შორის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი.

სასამართლოს რეფორმის ავტორი, სენატის თავმჯდომრის ამხანაგი გრიგოლ გველესიანი სოციალისტ-ფედერალისტი იყო და 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებზეც გამოდიოდა ფედერალისტთა სიით.

შსს-ს საგანგებო რაზმის, პირველი რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის უფროსი, მელქისედეკ (მექი) კედია – ფორმალურად უპარტიოდ ითვლებოდა, თუმცა ედპ-სთან იყო ახლოს.

რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასოციალისტი დიპლომატები ჭარბობდნენ – რცხილაძე, ღამბაშიძე, ჭუმბაძე, მდივანი, სუმბათაშვილი, ალშიბაია, წერეთელი, ავალიშვილი და ბევრი სხვა.

უფრო მცირე მთავრობა – დუბლი პირველი

ამავე დროს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციამ დააყენა მინისტრის რვა პორტფელის (თავმჯდომარის გამოკლებით)  ოთხამდე შემცირების მოთხოვნაც.

1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტიცა რიგით მესამე მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარის პოსტი გაფართოებული უფლებებით დაიკავა ნოე ჟორდანიამ.

შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალო განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ნოე რამიშვილი. გარეშე საქმეთა და იუსტიციის მინისტრად – ევგენი გეგეჭკორი. შრომის, მიწათმოქმედებისა და გზათა მინისტრის თანამდებობა დაიკავა ნოე ხომერიკმა, ხოლო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის პოსტზე დაინიშნა სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე კანდელაკი.

საზედამხედველო პორთფელების გადასანაწილებლად, მცირე მთავრობაში გაიზარდა მინისტრის ამხანაგების (მოადგილეების) რაოდენობა კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. მაგრამ მინიმუმამდე შემცირებული სამინისტროების პრაქტიკა არაეფექტური და არაპრაქტიკული გამოდგა.

1919 წლის ბოლოს გადაიხედა მცირე მთავრობის ეფექტურობის საკითხი და მიღებული იქნა ეტაპობრივად სამინისტროების დაშლის გადაწყვეტილება.

1919 წლის ბოლოს დაიშალა შრომის, მიწათმოქმედებისა და გზათა სამინისტრო, ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა შრომისა და მომარაგების (ძირითადად სურსათის) სამინისტრო, მინისტრის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი გიორგი ერაძე დაინიშნა.

1920 წლის 2 იანვრიდან  მთავრობაში შეყვანილი იქნა 2 ახალი წევრი, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის და საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, ხოლო ასევე სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ლორთქიფანიძე – სამხედრო მინისტრად.

რესპუბლიკის მესამე მთავრობაში ბოლო ცვლილებები 1920 წლის 3 დეკემბერს განხორციელდა. სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა ამხანაგმა, სოციალ-დემოკრატმა ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა, მიწათმოქმედების მინისტრის პოსტი დატოვა ნოე ხომერიკმა, მის ნაცვლად მინისტრად სოციალ-დემოკრატი დავით ონიაშვილი დაინიშნა.

ნოე რამიშვილი გადადგა სახალხო განათლების მინისტრის თანამდებობიდან და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დარჩა, მის ნაცვლად სახალხო განათლების მინისტრად სამხედრო სამინისტროს ყოფილი პირველი პირი გრიგოლ ლორთქიფანიძე დაინიშნა, რომელმაც ამავდროულად მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიც დაიკავა.

სამთავრობო დავთარი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის პორტფელს დამოუკიდებლობის 1028 დღის განმავლობაში სულ 16 წევრი ფლობდა. მათგან 12 სოციალ-დემოკრატი, 2 სოციალისტ-ფედერალისტი, 1 ეროვნულ-დემოკრატი და 1 სოციალისტ-რევოლუციონერი იყო.

თითოეულ მათგანს ძალიან საინტერესო პოლიტიკური ბიოგრაფია გააჩნდა. 16 მინისტრიდან 15 სხვადასხვა დროს მუდმივად იდევნებოდა რუსეთის საიმპერიო და საბჭოთა ხელისუფლების მიერ, არაერთხელ იყვნენ დაპატიმრებული და გადასახლებული.

საბჭოთა რეპრესიების პირველი მსხვერპლი სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე აღმოჩნდა, ის 1921 წლის ოქტომბერში მეტეხის ციხეში გარდაიცვალა. რესპუბლიკის მინისტრთაგან ერთი, ნოე ხომერიკი, დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების შემდეგ, ოთხი – გრიგოლ გიორგაძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ივანე ლორთქიფანიძე და დავით ონიაშვილი – 1937 წელს, ხოლო ერთი – ნოე რამიშვილი – მოკლული იქნა – სავარაუდოდ, საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ – ემიგრაციაში ყოფნისას.

თითქმის ყველა მათგანი გარიცხული იყო მინიმუმ ერთი სასწავლებლიდან რევოლუციონური საქმიანობის გამო. 16 მინისტრიდან 13 დასავლეთ საქართველოდან იყო, ხოლო 3 აღმოსავლეთ საქართველოდან. სოციალური წარმომავლობის მიხედვით 5 გლეხი იყო, 6 აზნაური (ჟორდანიას ჩათვლით), 2 სასულიერო პირის შვილი, 3 კი – „მოქალაქე“.

მსგავსი/Related

Back to top button