ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონში ერთვება

საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დამოუკიდებელი კანდიდატის“ სტატუსით ჩაერთვება. მისი განმარტებით, „ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, რომელზეც მან ბევრი იფიქრა.

სალომე ზურაბიშვილმა მთავარ პრიორიტეტებად ქვეყნის სტაბილურობა, კონფლიქტების დარეგულირება და საზოგადოების კონსოლიდირება დაასახელა. „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ეს ქვეყანა იყოს გაერთიანებული“, – დასძინა მან და საზოგადოებას და ბიზნეს სექტორს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მე ვითხოვ მხარდაჭერას, არა მხოლოდ მოსახლეობის, ასევე ბიზნესის. მგონი, დღეს საქართველოში არის თავისუფალი ვითარება, არავის უნდა ეშინოდეს, რომ დაეხმაროს დამოუკიდებელ კანდიდატს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო, თუმცა „ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში“ და საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო. მისივე თქმით, „ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია“, რომელსაც ევროკავშირიც ადასტურებდა. მისივე თქმით, პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის პროვოკაციებს არ აჰყვება. „როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე ჭკვიანი უნდა იყო“, – განმარტა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ ჰქონია. „მაგრამ ამ დღიდან, როგორც დავაყენე ჩემი კანდიდატურა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც საჭირო იქნება და ვისთანაც საჭირო იქნება, ყველასთან მექნება კონსულტაციები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო მარათონში სალომე ზურაბიშვილთან ერთად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე, ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იბრძოლებენ. დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში 1921 წელს ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული კარიერული დიპლომატია. მას 2004-2005 წლებში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ის 2005 წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირების გამო, თანამდებობიდან გადააყენეს. 2006 წელს ის ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია – საქართველოს გზა ჩამოაყალიბა, რომელსაც 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.

2010 წლის ნოემბერში, ზურაბიშვილი  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, პოლიტიკიდან დროებით წავიდა. ის საქართველოში 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორმაგი მოქალაქეობის ქონის მოტივით კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

ზურაბიშვილი 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე, მთაწმინდის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სახით მონაწილეობდა, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ უკანასკნელს მთაწმინდის ოლქში საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია. მიუხედავად მისი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსისა, მის მიერ კანონპროექტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და საჯარო განცხადებები მმართველი პოლიტიკური პარტიის დეპუტატების გადაწყვეტილებებისა და განცხადებების თითქმის იდენტურია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისარგებლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button