ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი გადააყენეს

პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა 19 ოქტომბერს რომ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით მთავრობას და პრეზიდენტს ახალი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.

“დღეს მთელი დღის განმავლობაში, მეც და პრეზიდენტიც ვაწარმოებდით კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკური კურსი და ეს პრეზიდენტის, მთავრობის და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. ამის მიუხედავად, გუშინ, პარლამენტს ქონდა ძალიან ბევრი კონკრეტული შენიშვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელიმძღვანელი მიმართ, სამინისტროში არსებულ უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით. ეს ეხება ნათესაური პრინციპებით თანამდებობებზე დანიშვნას, საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივების ბოლომდე არ მიყვანაზე, საუბარი იყო ასევე პარლამენტის უპატივცემულობაზე, დემოკრატიული პროცესის უპატივცემულობაზე და საზოგადოებრივი კონტროლის უგულებელყოფაზე, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დაშვებული”,– განაცხადა ნოღაიდელმა დღეს გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე.

“უფრო მეტიც, დღეს საღამოს პარლამენტთან ურთიერთობაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეინარჩუნა ისეთივე და აბსოლიტურად მიუღებელი ტონი. დღევანდელი კონსულტაციების შედეგად, მე მივიღე გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ,“ – დასძინა ნოღაიდელმა.


მისივე თქმით, ზურაბიშვილის შესაძლო შემცვლელის შესახებ კონსულტაციები ხელისუფლებას ჯერ არ დაუწყია.

მსგავსი/Related

Back to top button