skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნება მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

ქართულმა ოცნებამ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მხარი დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭიროს, ამის შესახებ ბოლო რამდენიმე დღეა მედია აქტიურად საუბრობს.

საფრანგეთში დაბადებული კარიერული დიპლომატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მთაწმინდის ერთმანდატიანი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ უკანასკნელს მთაწმინდის ოლქში საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია.

მედიის ინფორმაციით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზეც დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდება, თუმცა კვლავ მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება. ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა, ან რა ფორმით ჩაერთვებიან ქართული ოცნების წევრები და აქტივისტები საარჩევნო კამპანიაში.

იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიაროს, ზურაბიშვილმა, რომელსაც საფრანგეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას, რაც ქართული ოცნების დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, მან უკვე გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი ქართული ოცნების 116-წევრიან უმრავლესობაში არ შედის და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს, მის მიერ კანონპროექტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და საჯარო განცხადებები მმართველი პარტიის დეპუტატების გადაწყვეტილებებისა და განცხადებების თითქმის იდენტურია.

იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას გეგმავდა, პირველად პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. 24 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტია დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს, თუ „ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი არც არავის არ დავუჭიროთ მხარი და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოდან 1921 წელს პარიზში ემიგრირებულ ოჯახში დაიბადა, საქართველოში 2004 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიწვია და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა, თუმცა 2005 წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირების შემდეგ, ის თანამდებობიდან გადააყენეს. ის 2006 წელს ის ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია – საქართველოს გზა ჩამოაყალიბა, რომელსაც 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.

2010 წლის ნოემბერში, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, პოლიტიკიდან „დროებით“ იდიოდა. ზურაბიშვილი საქართველოში 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის ორმაგი მოქალაქეობის ქონის მოტივით კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button