ახალი ამბები

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს.

პრეზიდენტის მიერ 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგომა უძღოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება არის „უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი“, იმ მოვლენების ფონზე კი, რაც წინ გვენეტაძის გადადგომას უსწრებდა, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს გადადგომაც არ იქნება ისევე „მიჩქმალული“, როგორც „სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“.

„არაერთი მოსამართლე, ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იმავე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის განმარტებით, „სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელსაც ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის“.

პრეზიდენტმა დაანონსებულ კონსულტაციებში ჩართვისკენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს და ყველა იმ ადამიანს მოუწოდა, რომლებიც წლების განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობდნენ. მარგველაშვილის განმარტებით, კონსულტაციების შედეგად, საბოლოოდ, ისეთი კანდიდატურა უნდა შეირჩეს, რომელსაც „ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და მორალური ძალა, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისათვის“.

უზენაესი სასამართლოს კანდიდატის სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც. 2 აგვისტოს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს მოუწოდებენ „სწორად გაიაზრონ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა“ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი ისეთ კანდიდატს დაუჭირონ, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს“ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ნინო გვენეტაძის გადადგომა იმ „ღრმა კრიზისზე“ მიუთითებს, რაც სასამართლოს სისტემაში გვაქვს. მისივე შეფასებით, სისტემაში არსებობს კლანური მმართველობა და რამდენიმე მოსამართლე წყვეტს „ვინ დანიშნონ, ვინ დააწინაურონ, ვინ გაუშვან სასამართლოდან. ისინი არიან პასუხისმგებლები ძალიან ბევრ პრობლემურ ტენდენციაზე, რომელიც მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში“.

ნინო გვენეტაძის გადადგომა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანებს შორის დაპირისპირებას დაუკავშირა ოპოზიციამაც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ დაპირისპირებაზე გაამახვილა ყურადღება. „არის კლანებს შორის დაპირისპირება და ის კლანი, რომელიც არის მიღებული ბატონი ივანიშვილის კარზე არის უფრო სანდო ივანიშვილისთვის და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ, უფრო სწორად, ბატონმა ივანიშვილმა“, – განაცხადა მან. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით კი, სასამართლო სისტემაში, „ორ კლანს შორის დაპირისპირება იყო იმაზე, თუ ვინ მოემსახურება ბიძინა ივანიშვილს“ და „მან [გვენეტაძემ] წააგო ამ დაპირისპირებაში“.

სასამართლო სისტემაში შიდა დაპირისპირება გამორიცხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. „მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს“, – განაცხადა მან.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, შემდეგ კი, პარლამენტმა დაამტკიცოს. კანდიდატის დასამტკიცებლად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ახალი კონსტიტუციით კი, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შედის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button