პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს ინსპექციის შესვლას „პოლიტიკურ თავდასხმად“ აფასებს
13 თებერვალს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პრეზიდენტის სასახლიდან ხუთი ნახატი წაიღეს, შესაძლო დაზიანების მოტივით. პრესიდენტის ადმინისტრაციაში ეს მოქმედება „პოლიტიკური“ მოტივებით პრეზიდენტის ინსტიტუტზე „თავდასხმად“ შეაფასეს.
რა მოხდა?
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ხელოვნების სასახლის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციიდან სვიმონ დადიანის ხუთი ნახატი უკან, ხელოვნების მუზეუმში დააბრუნეს.
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ჭუმბაძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2020 წელს 2022 წლის დეკემბრამდე გადასცეს. მისივე განმარტებით, ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დროის გახანგრძლივება ითხოვა. ჭუმბაძის თქმით, უკვე ამის შემდეგ ადგილზე მონიტორინგის მიზნით მისულმა რესტავრატორებმა სამ ტილოზე დაზიანება აღმოაჩინეს.
„ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნებოდა ანაქერცლი. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ ნახატი წავიღოთ“, – თქვა მან და დასძინა, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დაზიანების მიზეზების გამოკვლევის შემდეგ გადაწყდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოხმაურება
„მსგავს ბრალდებებს, რომლებსაც ახლა ვადევნებდით თვალს და რომლებიც დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ, ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ“, – განაცხადა ათონელის რეზიდენციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა და დღეს განვითარებული მოვლენები პრეზიდენტის ინსტიტუტზე „პოლიტიკურ თავდასხმად“ შეაფასა.
რესტავრატორების მიერ ნამუშევრებზე აღმოჩენილ დაზიანებებზე საპასუხოდ ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ისინი თავის დროზე აშშ-ში იყო დასაწყობებული, საიდანაც ჯერ პარიზში ჩაიტანეს, შემდეგ კი – საქართველოში. „შესაბამისად, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში“, – ხაზი გაუსვა მან.
ნაცვლიშვილმა ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელოვნების სასახლესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს. „რაც ეხება ნამუშევრების ექსპონირების ვადებს, ვფიქრობ, ვადები ყველანაირად დაცული იყო, არანაირი დარღვევა არ ყოფილა“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობაა საქართველოში, ამიტომ არ არსებობს რაიმე საფრთხე ან პრობლემა „თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები სასახლეში გამოფენილი.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ნამუშევრები საქართველოსთვის გადმოეცათ და რომ „მიმღები მხარე ყოფილიყო ხელოვნების მუზეუმი“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლას, გუშინ, 12 თებერვალს მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველების ჭარბი მობილიზების გამო, პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკა უძღვოდა. „20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“, – დაწერა მან Facebook-ზე.
ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქმედი პრეზიდენტი წარსულშიც არაერთხელ გააკრიტიკა. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას, 2022 წლის ივნისში, თეა წულუკიანმა თქვა, რომ თუ პრეზიდენტი „უსამართლო გადაწყვეტილებას მიიიღებს და კრიმინალებს შეიწყალებს“, ქართველი ერი მას ამისთვის პასუხს მოსთხოვს. მანვე დასძინა, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს და „სიმბოლომ კარგად უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო“.
გასულ წელს, ელჩების დანიშვნაზე ხელისუფლებასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის წარმოქმნილი უთანხმოებისას, კულტურის მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს ადვოკატის აყვანაც კი ურჩია. ასევე გასულ წელს, თეა წულუკიანმა ისიც განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობისას, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამმა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დროს, ხელი შეუშალა.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/02/2023 – სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ სილაჩრის გამო აკრიტიკებს
- 07/02/2023 – მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციოში აღარ უჩივის
- 20/01/2023 – სალომე ზურაბიშვილი: „არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)