skip to content
ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა

21 ივლისს, ქუთაისში გამართულ პარტიის ყრილობაზე, ევროპულმა საქართველომ საპრეზიდენტო კანდიდატად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა.

პარტიის ყრილობა, რომელსაც დელეგატებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული აქტივისტებიც ესწრებოდნენ, საღამოს ექვს საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ყრილობაზე სიტყვით პარტიის ლიდერები გამოვიდნენ. შეკრებილებს საპრეზიდენტო კანდიდატი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ წარუდგინა.

თავის სიტყვაში დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება, არა კონკრეტული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ არსებული უიმედობის, სიღარიბისა და გაჭირვების დამარცხება. „ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად, როგორც იმ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, ვინც ამ ქვეყანაში ეს უიმედობა მოიტანა და ვინც ხვალინდელი დღის იმედი წაგვართვა“, – განაცხადა ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, „საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხთან ერთად, იქნება ხალხისთვის და იქნება ხალხის სახელით“.

ბაქარაძემ მის მთავარ პრიორიტეტებად უცხოეთში საქართველოს ღირსეულად წარდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, დეოკუპაცია და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმენლად, მეტი ინვესტორის მოზიდვა დაასახელა.

საკუთარ პრიორიტეტებზე საუბრისას, ბაქრაძე განათლების თემასაც შეეხო და პირობა დადო, რომ ის იქნება „ჩვენი ახალგაზრდების მთავარი ლობისტი უცხოეთში ყველა სასწავლებელის რექტორთან შეხვედრის დროს“ და, რომ პრეზიდენტის „სარეზერვო ფონდის მინიმუმ ნახევარი მთლიანად დაიხარჯება უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად“.

მან სოციალურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას და აუცილებლად მივაღწევთ უკეთესი სოციალური სისტემის შემოღებას“.

ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ქვეყანას, სადაც ყველა თანამდებობა ერთი პარტიის ხელში“ იქნება. „სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი , რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა და ამით დავიწყოთ დღევანდელი სახელისუფლებო გუნდის დემონტაჟი და ამ ქვეყანაში უკეთესი მომავლის შენება“, – დასძინა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შევიდა, პარტიის გაყოფის შემდეგ ევროპული საქართველოს რიგებს შეურთდა. მას 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში პართლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ბრძოლაში დამარცხდა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ყრილობაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარტიამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია „ოპოზიციაში ყოფნა“ და „ქვეყნის ინტერესების დაცვა“, თუმცა მისი შეფასებით, „მთავარი არის მაინც გამარჯვება“.

„საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და ევროპული საქართველოს გამარჯვება და გამარჯვებას სჭირდება ძლიერი გუნდი და სჭირდება ძლიერი კანდიდატი. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, მომხრემაც და ოპონენტმაც, რომ ევროპულ საქართველოს ჰყავს ყველაზე ძლიერი კანდიდატი საქართველოში“, – განაცხადა ბოკერიამ.

ივანიშვილის „ეპოქის დამთავრებას“ გაუსვა ხაზი საკუთარ სიტყვაში პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. „საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, როდესაც თითოეულ თქვენთაგანს დასჭირდება, იდგება თქვენს გვერდზე, მაგრამ არასდროს არ შეგაწუხებთ საკუთარი ეგოთი, საკუთარი ამბიციებით“, – აღნიშნა უგულავამ.

საპრეზიდენტო კანდიდატი ცხრა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, უკვე დაასახელა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით პრეზიდენტობისთვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

არჩევნებთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიმართა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორისაც. ჯერჯერობით ისევ უცნობია იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით მოქმედი პრეზიდენტი. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს დაასახელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატებად პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურები განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button