ახალი ამბები

ოპოზიცია აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს ეხმიანება

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს ოპოზიციაც გამოეხმაურა და სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სწორედ აგვისტოს ომში დაღუპულებმა დაიცვეს სამშობლო და „მხოლოდ უსამშობლოებს უტრიალდებათ ენა, რომ ჩრდილი მიაყენონ მათ თავდადებას და თქვან, რომ ჩვენს გმირ ვაჟკაცებს არ ჰქონდათ გააზრებული, თუ რას აკეთედნენ და ტყუილად იბრძოლეს“.

„ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა არათუ ტყუილად არ იბრძლეს, არამედ, საკუთარი ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიმეტეს იმისათვის, რომ ბევრი სხვა სიცოცხლე გადაერჩინათ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ომიდან 14 წლის თავზე არის საფრთხე, რომ „ყველა ჩვენი გმირი წინაპრის თავდადებამ შეიძლება დაკარგოს აზრი“.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოელმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ საფრთხე, რასაც ებრძოდნენ ჩვენი გმირი ვაჟკაცები, არის რეალური, როგორც არასდროს“, – თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ახლა, ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად „ეროვნული ინტერესის გარშემო“ სრული მობილიზაცია და კონსოლიდაციაა საჭირო.

ყოფილი პრემიერის და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თქმით, „დღეს, როცა რუსეთი ახლა უკვე მოძმე უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს აგრესიას და ამ წუთებშიც იღუპებიან ადამიანები“, „ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მძაფრია 14 წლისწინანდელი ტრაგედია“.

მანვე შექმნილი ვითარებისა და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, გონიერებისა და ერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, „რომელიც ვაჩვენეთ 2008 წელს ერთ მუშტად შეკრულებმა მტრის წინაშე ჩვენი ღირსების, თავისუფლებისა და მიწის დასაცავად“.

„ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე! მათი და ჩვენი წინაპრების, ჩვენი მომავალი თაობის ნება ერთიანი, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო – საქართველოა! ამიტომ, არავის აქვს და გვაქვს უფლება, მათ ნებას წინ აღვუდგეთ!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს და ეს შედეგი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

„14 წლის წინ, 7 აგვისტოს საღამოს, რუსეთმა სუვერენული ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და ამით 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი დაიწყო, რაც დღეს უკრაინაში გრძელდება.“, – განაცხადეს სტრატეგია აღმაშენებელში და დასძინეს, რომ „საქართველო და უკრაინა, ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას არ შეეგუება!“.

„14 წლის წინ ომი დაიწყო. რუსეთი თავს დაგვესხა და თავს ვიცავდით, ჩვენს ქვეყანას ვიცავდით… 8 აგვისტო ჩვენზე თავდასხმის დღეა. ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის დღეცაა! გვახსოვდეს ჩვენი გმირები! სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩვენია. რუსეთი მტერია და მიწა-წყალი დასაბრუნებელი გვაქვს! დიდება გმირებს, დიდება საქართველოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – დაწერა Facebook-ზე პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

„ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება“, – განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და დასძინა ეს ბრძოლა არ დამთავრებულა და გრძელდება.

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის იმავე ბრძოლის გაგრძელება და ჩვენი ვალია, რომ ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს, არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით, რომ ჩვენი თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს” – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button