skip to content
ახალი ამბები

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს პოლიტიკოსების აფასებენ

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) მიერ 7 ნოემბერს საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, შეშფოთებულია ეკონომიკის მდგომარეობის გამო და სკეპტიკურადაა განწყობილი საქართველოს მიერ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგებს პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო საკითხზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეფასებებს გთავაზობთ.

ქართული ოცნების გამოხმაურება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „ეს მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციებია. რეალურად, არასდროს IPM არ აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია, 100%-ზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგები. ამას არ აკეთებენ, რათა დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის, თითქოს ამომრჩევლის 40%-ს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რაც მთლიანად, ასე ვთქვათ, ოპოზიციისკენ შეიძლება მიემართოს. ეს არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება“.

გია ვოლსკი – ქართული ოცნება/პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „მმართველ პარტიას ორჯერ მეტი აქვს ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს. ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც არაერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს და სხვადასხვა კვლევაში ამოტივტივდება… ვფიქრობ, საზოგადოება ზუსტად აფასებს ზოგადად პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს, თუმცა ბევრია ისეთი, რომლებიც არცერთ პარტიას არ უჭერენ მხარს და ამ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, თუნდაც პარტიების მიმართ უნდობლობის გამოხატვით პასუხობენ“.

გიორგი ცაგარეიშვილი – ქართული ოცნება: „IRI-მაც ვერ დამალა მდგომარეობა, რაც ახლა ქვეყანაშია – განსაკუთრებით ოპოზიციურ ველზე – ის, რომ ხელისუფლებას აქვს იმხელა რეიტინგი, რაც მთელ ქართულ ე.წ. ოპოზიციას ერთად აღებული, რაც თვალში საცემია. ასევე, თვალში საცემი არის პროცენტული მაჩვენებელი ჩვენი მოსახლეობის, რომლებიც ამბობენ, რომ არ ენდობიან პარტიულ სისტემას, ზოგადად, პარტიებს არ ენდობიან და უნდათ ახალი ძალების, ახალი სახეების გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, აქ ბურთი ოპოზიციის მხარეს არის გადაგდებული. მე ასე წარმომიდგენია. ჩვენც უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, უნდა ვიზრუნოთ ახალ იდეებზე, ახალ სახეებზე“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ლევან ბეჟაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 70% წინააღმდეგი არის არსებული ხელისუფლების. შესაბამისად, ოპოზიციაში უნდა გაკეთდეს ბევრი პოლუსი, გაერთიანებები, რომლებიც შეძლებენ საერთო სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებების დაგეგმვას და განხორციელებას… ვფიქრობ, რომ სხვადასხვა პარტიებმა უნდა გააკეთონ ცალკე პოლიტიკური პოლუსები. ნაციონალურ მოძრაობას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, თავისი გამოწვევები აქვს. მას, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, სხვა პოლიტიკური და ელექტორალური ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. სხვა სივრცეში პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთი უნდა იპოვონ“.

ბექა ლილუაშვილი – საქართველოსთვის: „ამ კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ერთდროულად აქვს რეიტინგი დაცემული იმ ორ პარტიას, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ეხმარებიან, ასაზრდოებენ. ბუნებრივია, ესენი არიან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა… ჩვენ, თანმიმდევრულად, გეგმის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ, დავასრულებთ ორპოლუსიანობას, „ქოცებისა“ და „ნაცების“ გაუთავებელ ურთიერთქიშპს, რომელიც აზიანებს და მომავალს უსპობს ჩვენს სამშობლოს“.

სალომე სამადაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „არ მგონია, რომ ვინმეს ახლა აქვს შესაძლებლობა დაასკვნას, რა იქნება არჩევნების საბოლოო შედეგი. ჩვენი ამოცანა, ამ კვლევამდეც და ამ კვლევის შემდეგაც, არის ცალსახად ის, რომ პარტიულად გავძლიერდეთ. ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი რომ წარმოდგენილმა კვლევამ რამე ახალი გვაჩვენა. ჩვენ ვიცით, სად არის პოტენციალი იმისთვის, რომ როგორც პარტია გავიზარდოთ და ვაპირებთ, ამაში დავხარჯოთ ჩვენი დრო, რესურსი და ენერგია“.

პაატა მანჯგალაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „რეიტინგები აჩვენებს ტენდენციას. თვითკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. მთავარი, რაც მახარებს არის ის, რომ 85% უპირობოდ მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას, შემცირებულია პრორუსულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა… და კარგია, რომ ჯამში, ოპოზიცია უგებს ქართულ ოცნებას და მის სატელიტებს… გამოსავალი არის იმაში, რომ შეიქმნას ახალი, ეროვნული და ევროპული ფრონტი, რომელიც პასუხს მოსთხოვს ქართულ ოცნებას, იმ დანაშაულების შესახებ, რომელსაც ისინი ჩადიან ყოველდღიურად “.

ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „წინა კვლევასთან შედარებით, ზრდა გვაქვს. ტენდენციას რომ შეხედავ, უკეთესობა გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა. ზოგადად, [კვლევა] მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან დეპრესიული განწყობა და ქართული ოპოზიციური სპექტრი, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ ასახავს იმ განწყობას, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ამისთვის არის კონსოლიდაცია საჭირო, ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ის ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც არსებობს საქართველოს მოსახლეობაში, ითარგმნოს შემდეგ პოლიტიკურ ქმედებებში… ახალი პარტია შეიძლება იყოს [ეს], მათ შორის, კონსოლიდაცია ქართული არსებული პოლიტიკური სპექტრისა და ფორმირდეს ერთიან ახალ პოლიტიკურ ძალად, ახალი ნომრით, ახალი სახელით… არსებული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციამაც შეიძლება მოგვცეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება და ეგეც შეიძლება იყოს ახალი პარტია“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე: „ამ კვლევაშიც ძალიან კარგად ჩანს ოპტიმიზმის ვარდნა დრამატული და უნდობლობა პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური პარტიების მიმართ, ზოგადად. ამიტომ, დაძლევას ამ ჩიხის, რომელშიც ქვეყანა [ხელისუფლებამ] ამ რეჟიმმა შეიყვანა, სჭირდება ამ ნდობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, რაოდენობის ზრდაც იმ ხალხის, ვინც მყარად კურსის შეცვლის მომხრე იქნება. უბრალო უმრავლესობა, ასეთი რეჟიმების დასამარცხებლად, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, საკმარისი არ არის“.

ელენე ხოშტარია – დროა: „სინამდვილეში, არანაირი კვლევა არაა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ სად ვართ. საკმარისია, გავესაუბროთ ქუჩაში გამვლელებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას. ერთობა, ეს არის ფორმულა, რომელიც ამარცხებს პრორუსულ რეჟიმს, აერთიანებს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და გარანტირებულად მოაპოვებინებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button