ახალი ამბები

წინასწარი შედეგებით, მარგველაშვილმა მოიგო არჩევნები



საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საბურთალოს რაიონის ერთ–ერთ უბანზე საარჩევნო ყუთს ცლიან, 27 ოქტომბერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

წინასწარი საბოლოო შედეგებით, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 27 ოქტომბრის არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.

უბნების 100%-ის დათვლის შედეგად, მარგველაშვილმა ხმების 62.11% მიიღო; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ხმების 21.73%–ით და ნინო ბურჯანაძე ხმების 10.2%–ით, იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ბაქრაძემ აღიარა დამარცხება და მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. არჩევნების შედეგები ასევე აღიარა ნინო ბურჯანაძემაც.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკური პარტია ან საინიციატივო ჯგუფი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი ხმების სულ ცოტა 10%–ს მიიღებს, შეძლებს სახელმწიფო დაფინანსების მიღებას კამპანიის დროს გაწეული მაქსიმუმ 1 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯების დასაფარად.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხმების 2.88%, ხოლო ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხმების 1.06% მიიღეს. დანარჩენმა კანდიდატებმა 1%-ზე ნაკლები ხმები მიიღეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ არჩევნებზე 46.6% შეადგინა მაშინ, როცა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს ეს მაჩვენებელი 61.31%–ს შეადგენდა.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ არჩევნების დღე „მშვიდი“ იყო და არჩევნები საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პროცედურული დარღვევების გარეშე წარიმართა. მნიშვნელოვან დარღვევებს შორის იყო ვადაგასული პირადობის მოწმობით, პირადობის მოწმობის ასლით ან პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა, ასევე პრობლემები ამომრჩეველთა სიებში ბათუმში, განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელსაც 1200 დამკვირვებელი ყავდა ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ დრომდე 45 საჩივარი დაწერეს.

საერთაშორისო გამჭირვალობა –  საქართველომ, რომელიც 370 უბანზე აკვირდებოდა არჩევნებს, განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლებმა „მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევების“ 70 შემთხვევა დააფიქსირეს და 34 საჩივარი დაწერეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button