skip to content
ახალი ამბები

სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, სუს-ის შენობასთან მისვლისა და თავის აფეთქების შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

„ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, რომ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს“, – განუცხადეს Civil.ge-ს უსაფრთხოების სამსახურში. თუმცა, უწყებაში არ დააკონკრეტეს, თუ რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.

გასული წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ, „მე და რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები“, მაგრამ „გადავიფიქრე, ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“.

მოგვიანებით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ ეს „ემოციურ ფონზე“ თქვა. „ჩემნაირი გამწარებული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, ემოციებმა გადაამეტა…ჩემს ნათქვამს ასე მწარედ ნუ მიიღებენ“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button