skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 113-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 3 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვერდა იმართება. შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს წამოაყენებს.

ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ ასევე განიხილება წინა, 27 აპრილის შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი“, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევების ჩათვლით, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების გაუმჯობესების საკითხი. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ანთაძემ განაცხადა, რომ IPRM-ის წინა შეხვედრის შემდეგ, ე.წ. ბორდერიზაციის 4 შემთხვევა გამოვლინდა.

რადიო „თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ, ანთაძე გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას, ქართული დრონების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ნებართვაზე. ანთაძის განცხადებით, ამ „ფაქტის სერიოზულად შეფასება არის შეუძლებელი“.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებაზე და ამგვარი ქმედებები ნაკლებად უწყობს ხელს სტაბილურობის შენარჩუნებას“, – განაცხადა მან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ.  „თანათავმჯდომარეები მიესალმნენ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას ივნისში ლომისობის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას, რამაც ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მისცა რელიგიური ადგილების მონახულების შესაძლებლობა,“ – ნათქვმია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

 განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა „გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილზე მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და მოხუცებისთვის. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარების კუთხით და წაახალისეს შემდგომი წინსვლისთვის შესაბამისი ძალისხმევები“.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის როგორც გადაადგილების თავისუფლება ისე უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენები. მათვე „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო და გააკეთეს მოწოდება ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენლებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებების პრაქტიკის გამო და მხარი დაუჭირეს დაკავებულების გათავისუფლებას. „…მონაწილეებმა ასევე განიხილეს დამატებითი საკითხები, რომლებიც კვლავაც უარყოფითად მოქმედებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კერძოდ, ‘ბორდერიზაციის’ საქმიანობა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა,“ – ნათქვმია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ოფიციალური თბილისის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი  ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება“.

უწყების განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემებიც განიხილეს და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ისაუბრეს.

IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 12 სექტემბერს ჩატარდება.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button