ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი, გაათავისუფლეს.

ორივე მათგანი ამჟამად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მახლობლად 2023 წლის 2 იანვარს დააკავა და „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

28 ივლისს მათი სასჯელის ვადა ამოიწურა და საოკუპაციო რეჟიმმა ისინი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა.  

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის დაკავებულებთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. ამასთან, პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სუს-ის თქმით, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – განაცხადა სუს-მა. „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button