Placeholder canvas
ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ნატოს „ახლო პარტნიორები“ არიან

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 28 მაისს ვარშავაში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და სხვა საკითხებთან ერთად, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ეს ორი ქვეყანა ალიანსის „ახლო პარტნიორები“ არიან.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ ეს დავამტკიცეთ, როდესაც გასულ წელს, მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი გახდა და ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერას, წევრობისა და ევროანლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინის საკითხს პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზეც შეეხო და ეს ორი ქვეყანა დაახასიათა, როგორც „უაღრესად ღირებული“ პარტნიორები, „სადაც ნატო უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდეს“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 25-28 მაისს გაიმართა. ასამბლეაში რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, 260-მდე პარლამენტარი მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button