skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტია და ოპოზიცია ნატოს ვაშინგტონის დეკლარაციას ეხმიანებიან

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებმა 11 ივლისს მიიღეს, არ შეიცავს ფორმულირებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება“.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დიპლომატებმა ამ ფაქტზე ყურადღება არ გაამახვილეს, ხოლო ოპოზიციამ ხელისუფლება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.

მმართველი გუნდი

ირაკლი ჩიქოვანი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი: „ამ დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები… რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია… ასევე, ის კონტექსტი, რომელის გულისხმობს იმას, რომ  ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთი როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო… ამ ყველა სახელმწიფოს ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა იმისთვის,  რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი… ამისთვის ყველას ერთად ბევრი მსხვერპლი გვაქვს გაღებული“.

ვიქტორ დოლიძე, ნატო-ში საქართველო ელჩი: „თუნდაც მადრიდისგან და ვილნიუსისგან განსხვავებით, ეს არ იყო მრავლისმომცველი, დეტალური დასკვნითი კომუნიკე, სადაც უკვე დეტალურად და კონკრეტულად ნებისმიერ რეგიონზე ქვეყანასთან მიმართებაში იწერებოდა უსაფრთხოებასთან ან რაიმე სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები. ეს იყო პოლიტიკური მოკლე სახის დეკლარაცია, რომელიც ორმოცი თავისგანაც არ შედგება მაშინ, როცა კომუნიკე 60,70,80 და უფრო მეტიც გვქონია… აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი და არ იყო მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ასევე ჩვენი ქვეყნის“.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში, საქართველო,  ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში. ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას“.

ოპოზიცია

თეონა აქუბარდია, „რეფორმატორთა ჯგუფი“, დეპუტატი: „დღეს, უმძიმესი დღეა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, რადგან NATO-თან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ“ დახურა… პირველად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, NATO-ს სამიტში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაპირება აღარ არის ტექსტში მოხსენიებული, რაც იმას ნიშნავს, რომ NATO-ში წინსვლა, „ქართული ოცნების“ პირობებში, არის შეუძლებელი. პირველად, NATO-ს სამიტის დეკლარაციაში, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, აღარ არის მოხსენიებული არათუ, როგორც ქვეყნად, არამედ, მათ შორის, არც დემოკრატიული პროგრესის, არც თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით არ არის“.

თინა ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „საბოლოო დოკუმენტში რომელსაც იღებს ნატო ყოველი სამიტის შემდეგ ყველგან ასახული იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი. წელს ჩვენ პირველად ვნახავთ ამგვარ კომუნიკეს, სადაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი ამოღებულია და ამოღებულია ივანიშვილის ანტი-დასავლური, იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო“.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „ნატოს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში. ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას. მმართველი პარტია  წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ოცნების ხელისუფლება ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. ოცნებას ქვეყანა ავტორიტარიზმის და  იზოლაციისკენ მიყავს.  საქართველომ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი, რათა შეძლოს დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“.

ნიკა გვარამია, „ახალი“: „ნატოს ბოლო დეკლარაციით, მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში ომის პარტია, ეს არის „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ იმ ქმედებებით, რომლებსაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, ცალკეული ქვეყნების და ასევე ევროატლანტიკური ბლოკის წინააღმდეგ, „ქართული ოცნება“ გვტოვებს დაუცველს და პირისპირ რუსეთთან. რუსეთს ესმის ერთადერთი ენა, ეს არის ძლიერი მფარველის ენა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მფარველი, რომ ომი არ იყოს და ომი არ იქნება, იმიტომ, რომ ასეთი მფარველი დასავლეთის სახით ჩვენ მაინც გვეყოლება, მთავარია ჩვენ ეს გადავწყვიტოთ 26 ოქტომბერს. არა – „ქართულ ოცნებას“, კი მშვიდობას“.

ზურაბ ჯაფარიძე,  „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „ეს არის პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რუსული კანონის მიღებაზე და იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ეწევა უკვე რამდენიმე წელია.  ის, რომ საქართველოს ხსენება აღარ არის და აღარ არის დაფიქსირებული თუნდაც დადასტურება იმის, რაც თავის დროზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, პოლიტიკური გზავნილია მთელი სამყაროსთვის, მარტო ჩვენთვის არა რომ საქართველოს აღარ განიხილავენ ისეთ პარტნიორად, როგორადაც განიხილავდნენ და ის რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესები ფაქტიურად არის გაჩერებული, ანუ რეალურად ვართ სიტუაციაში როცა ევროპიდან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და ნატოდან გვეუბნებიან რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული. ამის შემოტრიალების  ერთადერთი გზა არსებობს, ეს არის ხელისუფლების ცვლილება“.

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს, კრემლის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს მოახერხა და შეაჩერა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი. სწორედ ეს არის რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის უმძიმესი შედეგი“.

მსგავსი/Related

Back to top button