ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ნარკორეალიზაციაში ეჭვმიტანილები საპოლიციო ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე დააკავეს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა 12 მაისს, რომ ნარკორეალიზაციაში ეჭვმიტანილები კლუბის ტერიტორიის გარეთ, თბილისის ორ ღამის კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.

„ჩვენ რვავე დაკავებული მოვინახულეთ. მათი განცხადებით, მათი დაკავება მოხდა არა სპეცოპერაციის დროს კლუბის ტერიტორიაზე, არამედ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე. ამას, პრინციპში, ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომ გაცილებით ადრე ჰქონდათ ის ვიდეომასალა და ჩანაწერები, რაც ამ ადამიანების მხრიდან გასაღების ფაქტს უკავშირდებოდა“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ლომჯარიამ ასევე ისაუბრა 12 მაისს დილის საათებში რამდენიმე მომიტინგეს დაკავების შესახებ და პოლიცია „თავშეკავებული“ პოლიტიკისთვის შეაქო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ცალკეულ შემთხვევებში, დაკავების მიზანშეწონილობა და პროპორციულობა ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა“.

„დაახლოებით 60 ადამიანი იქნა დაკავებული და არაერთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მოქალაქეების დაკავების ფაქტები შეიძლება არ იყო საჭირო და პროპორციული… ვფიქრობ, რომ პოლიციას ყველა შემთხვევაში მართებს თავშეკავება და ვფიქრობ, მომავალშიც თუ გაგრძელდება ასეთი გამოსვლები, პოლიციამ უნდა იმოქმედოს მაქსიმალურად თავშეკავებულად და დაკავებას მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს სამართალდარღვევას და არა იმიტომ, რომ პრევენციულად ჩათვალოს, რომ ვიღაცის დაკავების შემდეგ სიტუაციის დე-ესკალაცია მოხდება“, – განაცხადა მან.

შსს: ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ კლუბებთან

12 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნარკორეალიზატორები „სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას“. „ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან“, – განაცხადა სამინისტრომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც „კლუბის დაცვის წევრია“ კლუბში დააკავეს „დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებებით“. შსს-მ ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავები „ბასიანსა“ და „გალერიში“ „დაახლოებით, 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება“.

შაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულად ჩაწერილი ვიდეოებიც გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციაში ეჭვმიტანილები არიან გადაღებულნი. ვიდეობზე, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიშია“ ფარულად გადაღებული, კლუბური ნარკოტიკების გასაღების ათამდე ეპიზოდია ასახული, სავარაუდოდ, 12 მაისის რეიდებამდე დიდ ხნით ადრე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button