ახალი ამბები

ღამის კლუბების დარბევის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ

თბილისის ორ ცნობილ ღამის კლუბში ჩატარებულმა რეიდებმა უფლებადამცველი ორგანიზაციების და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფების მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რამაც უბიძგა მათ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოეთხოვათ.

მოძრაობამ „თეთრი ხმაური“, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, დღეს დილით ბრიფინგი ჩაატარა და ხელისუფლება შოუს მოწყობასა და მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

„იმას, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, შეგვიძლია დავარქვათ, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების კასკადი, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება, რომელიც ურცხვად გვიმეორებს, რომ მისი მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ამავდროულად ის ადამიანი, რომელსაც გუშინ ურტყეს, დაარბიეს, დააკავეს, დევნეს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა მოძრაობიდან.

წიქარიშვილმა ხელისუფლება საკუთარი ხალხის „მოწამვლასა და გამეტებაში“ დაადანაშულა, რათა „მოემზადებინათ ნიადაგი 12 მაისის სისხლიანი პარასკევისთვის“. ანალოგიური გზავნილი „თეთრი ხმაურის“ 5 მაისის განცხადებაშიც გაკეთდა, რომელმაც ბოლო დროს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ გარდაცვალებები შაბ ბაზარზე გავრცელებულ „განგებ დაბინძურებულ“ ნარკოტიკულ საშუალებებს დაუკავშირა.

„ორი თუ სამი დღის წინ, ჩვენ მოძრაობას Facebook გვერდზე და მოძრაობის მხარდამჭერებს დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ იგეგმებოდა გარკვეული პროვოკაციები კლუბების წინააღმდეგ. საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების დადგმულ სცენებს და ამ გზით აპირებდნენ, რომ მთელი ეს უკმაყოფილება, რომელიც ამ პერიოდში დაგროვდა, მიმართულიყო მხოლოდ და მხოლოდ კლუბების მიმართ და იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყანაში ჰუმანური იდეებისთვის იბრძვიან“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

პოლიციის ქმედებები არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს.

მიხეილ ბენიძემ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან ხაზი გაუსვა, რომ პოლიციის რეიდმა მკაფიოდ აჩვენა, რომ „ხელისუფლებას რეალური და ეფექტური ნარკოპოლიტიკის გატარების არც ნება აქვს და არც უნარი და ცდილობს დადგმული შოუებით მოაჩვენოს საზოგადოებას რომ მკაცრი და შეუპოვარია ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში“.

„ძალოვანი სტრუქტურები სულ უფრო მეტად საშიშ ძალის დემონსტრირების რეჟიმში არიან, რაც მასიურად ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის და გადათელვის რისკებს ზრდის“, – განაცხადა მან და ხელისუფლება „საბჭოური სტილის აზროვნების კულტივირებაში“ დაადანაშაულა „საკლუბო სცენის დემონიზებითა და ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცის შეზღუდვით“.

ამ გზავნილს გიორგი მშვენიერაძეც გამოეხმაურა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან. „ეს არის საჩვენებელი ძალადობა თავისუფლების, როგორც იდეის, წინააღმდეგ. ეს არის კლუბების, როგორც “გარყვნილების ბუდეების” სამაგალითო დარბევა და არა ანტიკრიმინალური ოპერაცია, თორემ ცხადია, 8 ნარკორეალიზატორის დაკავება, რომელსაც 3 თვეა უთვალთვალებ, შუადღესაც შეიძლებოდა“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

ოცამდე უფლებადამცველი ორგანიზაციის და კლუბის, მათ შორის მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით ამჟამად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებენ, რომ მან „მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში“. „ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button