skip to content
ანალიზი

ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვალების შემთხვევებმა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობა გაააქტიურა

ბოლო დღეებში, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა მზარდმა რაოდენობამ, ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი კვლავ გააქტიურა.

მსჯელობა მას შემდეგ განახლდა, რაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში, გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალებამდე ყველა მათგანი ღამის კლუბში იმყოფებოდა.

მომხდარს 5 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრი ხმაურის მოძრაობა გამოეხმაურა და გარდაცვალების ფაქტები შავ ბაზარზე არსებულ, „დღემდე უცნობი ნივთიერებით” დაბინძურებულ ნარკოტიკულ საშუალებებს დაუკავშირა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ მომხდარზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო „არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე”.

საპირისპირო განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და მომხდარში ღამის კლუბები დაადანაშაულა. კლუბების ბრალეულობაზე საუბრობდა პოლიტიკური პარტია ქართული დასის თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიაც.

ბრალდებებს კლუბებისა და ელექტრონული ფესტივალების ხელმძღვანელები 8 მაისს ერთობლივი პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ და შესაბამისი უწყებებისგან ინტერნეტის მეშვეობით მომწამვლელ ნოვთიერებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მოითხოვეს.

მათივე თქმით, „ნარკოტიკული ნივთიერებების წინააღმდეგ სახელმწიფო უძლური დარჩა” და “სწორედ იმ რეპრესიულ და სადამსჯელო ოპერაციებს მოაქვს ის შედეგი, რასაც დღეს ვხედავთ”.

ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვენ ამ მიმართულებით მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც და არსებული ნარკოპოლიტიკის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საკუთარი პოპულისტური განცხადებებით, ირაციონალური მოლოდინებით, შეეწინააღმდეგნენ რეფორმის პროცესს, რომელიც [ნარკოპოლიტიკის ეროვნული] პლატფორმის მიერ იქნა ინიცირებული” – აღნიშნეს არასამთავრობოებმა.

მოწოდებებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი იმავე დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის ამ დანაშაულის პრევენციას”.

მეზვრიშვილის განცხადებით, დეკრიმინალიზება მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს „არ უნდა შეეხოს.” მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს გასული წლის მიწურულს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, თუმცა მმართველ გუნდში საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა ნარჩუნდება.

იანვარში, ნარკოპოლიტიკის შესახებ მიმდინარე დისკუსიაში საქართველოს საპატრიარქო ჩაერთო და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულყოფილი არ არის, „რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს“.

მიმდინარე წლის თებერვალში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ Civil.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ „ნარკოტიკების მოხმარებას არ უნდა მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ამ პროცესის დაწყება ძლიერი სარეაბილიტაციო სისტემის არსებობის გარეშე ძალიან სარისკოა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button