skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 112-ე შეხვედრა გაიმართა

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 27 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) 112-ე შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

შეხვედრაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ვიორელ მოშანუმ, რომლებიც შეხვედრის თანაფასილიტატორები არიან, დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. ისინი ასევე მიესალმნენ აპრილში მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში „სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი პუნქტის გახსნას, რომელმაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მისცა დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა“.

„თანათავმჯდომარეებმა გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრული ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული თავიანთი მოწოდება. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობა მისცემს კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს და კაცებს უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ქმედებების მეშვეობით მათი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის შესაძლებლობას“, – ნათქვმია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის როგორც გადაადგილების თავისუფლება ისე უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენები. მათვე „ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობა უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის მხრივ, რასაც დაეთანხმნენ მონაწილეები. ფართოდ იყო განხილული ჩორჩანა-წნელისის ვითარება“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენლებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებების პრაქტიკის გამო და მხარი დაუჭირეს დაკავებულების, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონეთა გათავისუფლებას. ისინი აგრეთვე მიესალმნენ, 27 აპრილის დილას ირიგაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ ტექნიკურ შეხვედრაში ექსპერტების ჩართულობას – მომავალი სასოფლო-სამეურნეო სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად.

ოფიციალური თბილისის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი  ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება“.

სუს-ისვე თქმით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე „მკაცრად დაგმეს  მიმდინარე წლის 21 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების მცდელობისა და ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულ ინციდენტში დეტალურად გარკვევა და მასში მონაწილე დამნაშავე პირების დასჯა“.

უწყების განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემებიც განიხილეს და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ისაუბრეს.

ცხინვალის განცხადება

სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრამ „კონსტრუქციულ“ გარემოში ჩაიარა. „შეხვედრის დასაწყისში ხაზი გავუსვით, რომ ჩვენი შეხვერების მთავარი მიღწევა „ჩვენს სახელმწიფოებს“ შორის არსებული მშვიდობა და სიმშვიდეა“, – წერს „რესი“ კოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, კოჩიევმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელთა უდიდესი უმეტესობა ქართული პოლიციის წარმომადგენლების მიერ ცხინვალის „სახელმწიფო საზღვრის დარღვევას“ უკავშრდებოდა. „ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს ქართველი პოლიციელები სპეციალურად ვდილობენ ჩვენი მესაზღვრეების პროვოცირებას“, – თქვა კოჩიევმა და დაამაატა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან 7 აპრილამდე „პროვოკაციის“ 7 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს.

კოჩიევისვე თქმით, შეხვედრაზე ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ „ცხინვალის საჰაერო სივრცის დარღვევის“ საკითხზეც იმსჯელეს და ამ მიმართულებით თბილისის რეაქცია შეიცვალა, რაც „მიღწევაა“. „ადრე ქართული მხარე სრულად უარყოფდა უპილოტო საფრენი აპარატები მათ ეკუთვნოდათ. ამჯერად, მათი პასუხი სვაგვარად ჟღერდა. აღინიშნა, რომ ჩვენ ხედავთ საფრენ აპარატებს ისინი ვერ, რადგანაც დაკვირვება სხვა წერტილიდან ხდება“.

კოჩიევმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათთვის საინტერესო ყველა საკითხი დააყენა, მათ შორის იყო ჩორჩანა-წნელისის ქართული საპოლიციო საგუშაგო, რომლის მოშლასაც ცხინვალი კარგა ხანია ითხოვს.

IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 3 ივლისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button