skip to content
ახალი ამბები

სოხუმი გალში IPRM-ის შეხვედრების განახლების შესაძლებლობაზე მიანიშნებს 

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრს“, ინალ არძინბასა და რუსეთის წარმომადგენელს, მიხაილ შურგალინს შორის 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესმა“ განაცხადა, რომ მხარეებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) განახლების შესაძლებლობაზე მიანიშნეს.

IPRM-ის ბოლო, 57-ე შეხვედრა გალში 2018 წელს მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსმა და აფხაზმა მონაწილეებმა შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო დატოვეს. საქართველოს წარმომადგენლებს სურდათ, რომ შეხვედრის დღის წესრიგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი შეეტანათ.

2010 წლიდან მოყოლებული IPRM-ის შეხვედრები რამდენჯერმე შეჩერდა. ყველაზე დიდი პაუზა 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც სოხუმმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაშინდელი ხელმძღვანელი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მისიის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, IPRM-ის შეხვედრები 2016 წლამდე არ განახლებულა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button