ერგნეთში IPRM-ის 111-ე შეხვედრა გაიმართა
ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 2 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) 111-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
შეხვედრის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ, რომლებიც IPRM-ის თანაფასილიტატორები არიან, აღდგომის დღესასწაულის წინ გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდეს.
შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა განაცხადა: „დიდი პატივია ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატის თანაფასილიტატორობა, ეუთოდან ჩემს კოლეგასთან, ელჩ მოშანუსთან ერთად. IPRM-ის შეხვედრები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა პრაქტიკული და კონსტრუქციული დიალოგის გზით ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მოვუწოდებ მონაწილეებს ყოველთვის ეძიონ პრაქტიკული გადაწყვეტები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და კაცების ცხოვრების გამარტივებას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს“.
თავისუფალ გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების განხილვის გარდა, თანაფასილიტატორებმა ცოტა ხნის წინ ორი დაკავებულის გათავისუფლებაზეც ისაუბრეს და დაკავების არსებული შემთხვევების მოგვარების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოუწოდეს.
მათვე შეხვედრის მონაწილეებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების შესამსუბუქებლად გამოსავლის გამოძებნისკენაც მოუწოდეს, რა დროსაც დიალოგისა და პრაგმატიზმის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წინა შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა.
სუს-ის ცნობით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის „უპირობო და დაუყოვნებლივი“ გათავისუფლება. „საკითხის გარშემო შედგა საგნობრივი და ღრმა დისკუსია, დეტალურად იქნა განხილული უკანონო დაკავების თითოეული შემთხვევა და დაკავებულ პირთა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პერსპექტივები“, – განაცხადა სუს-მა.
ცხინვალის განცხადება
სააგენტო „რესის“ ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ეს პერიოდი ყველაზე მშვიდი იყო IPRM-ის დაარსების დღიდან და რომ ქართული მხრიდან „საზღვრის“ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ასევე, ინციდენტების მინიმალური რაოდენობა უკავშირდებოდა უპილოტო საფრენ აპატარებს.
ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ჩორჩანა-წნელისის ქართული საპოლიციო საგუშაგოს საკითხი და შეშფოთება გამოხატა „ამ რაიონში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც პოსტზე პროდუქტების მისატანად ქართულმა მხარფემ ჯავშანმანქანა გამოიყენა“.
კოჩიევის თქმით, ვინაიდან ქართული მხარე პოსტის მოხნასთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის, „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლები კვლავაც აქტიურად დააყენებს ამ საკითხს, რათა „საბოლოოდ, საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა სათანადო გადაწყვეტილება მიიღონ“.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 27 აპრილს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/01/2023 – ერგნეთში IPRM-ის 110-ე შეხვედრა გაიმართა
- 11/11/2022 – ერგნეთში IPRM-ის 109-ე შეხვედრა გაიმართა
- 23/09/2022 – ერგნეთში IPRM-ის 108-ე შეხვედრა გაიმართა
- 08/06/2022 – ერგნეთში IPRM-ის 107-ე შეხვედრა გაიმართა
- 12/04/2022 – ერგნეთში IPRM-ის 106-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)