
მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15 აპრილს აზერბაიჯანს ესტუმრა, სადაც ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.
„ჩემთვის პატივია ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი განვახორციელო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რომელიც საქართველოს ღირებული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია… მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებს, რომლებიც ჩვენი აქტიური ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე.
ეს ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც ის „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და საკრებულოს წევრებისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 2024 წლის 14 დეკემბერს, ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ პოსტზე აირჩია. მის პრეზიდენტობას რიგი დასავლური ქვეყნები და საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან
ქართული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის „რეგიონულ და საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობა“.
„დღეს, ბაქოში ვიზიტის დროს, პროდუქტიული შეხვედრა გავმართე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე შეხვედრის შემდეგ. „ხაზი გავუსვით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაძლიერებისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული როლი რეგიონში და მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“.
შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან
16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
„პირისპირ შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამაგალითო სტრატეგიულ პარტნიორობასა და იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებით, აერთიანებს. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ალიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ასევე, დავადასტურე, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყაველაშვილმა და ალიევმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს მედიისათვის.
პრეზიდენტი ალიევი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს. მან ასევე გაამახვილა ყურადღება მზარდ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე და შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ყაველაშვილმა, წინასწარ გამზადებული ტექსტიდან წაკითხვისას, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ალიევს გულთბილი დახვედრისთვის და განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიულ და განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას“.
„ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციების, კულტურისა და ჩვენი ისტორიის პატივისცემა არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენი ხალხები განსაკუთრებით უფრთხილდებიან“, – განაცხადა ყაველაშვილმა. „ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.”
„გლობალისტური ეპოქის“ გამოწვევებზე საუბრისას, ყაველაშვილმა განაცხადა: „ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლაში“.
მან ხაზი გაუსვა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას რეგიონული და გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად და დასძინა, რომ „ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა“ არის მთავარი „კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული სამხრეთ კავკასიის“ უზრუნველსაყოფად.
ყაველაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ალიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა აზერბაიჯანის სუვერენიტეტს. ის მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებით“, – განაცხადა მან> „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველვყოფთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“.
შეხვედრა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი 16 აპრილს მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა. გაფართოებულ შეხვედრას დელეგაციაში შემავალი საქართველოს პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდნენ.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გავუსვით ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე შეხვედრის შემდეგ.

მიხეილ ყაველაშვილის შემდეგი უცხოური ვიზიტი სომხეთში 28-29 აპრილსაა დაგეგმილი.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/03/2025 – მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი დანიშნა
- 04/02/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის ფონზე საგაზაფხულო სესია გახსნა
- 30/12/2024 – მიხეილ ყაველაშვილმა რეპრესიულ კანონმდებლობას ხელი მოაწერა
This post is also available in: English Русский